ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა პრობლემას ქმნის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე მურუსიძის დაბრუნება?


5 წლიანი შესვენების შემდეგ, სკანდალური მოსამართლე ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ტრიუმფით დაბრუნდა
5 წლიანი შესვენების შემდეგ, სკანდალური მოსამართლე ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ტრიუმფით დაბრუნდა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების - ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის დაბრუნება „კიდევ უფრო ამცირებს სასამართლოს სისტემური რეფორმის შესაძლებლობებს და აზიანებს ისედაც შელახულ ნდობას სასამართლოს მიმართ“, - ასეთ კრიტიკულ შეფასებას კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ აკეთებს, რომელიც 40-ზე მეტ არასამთავრო ორგანიზაციას აერთიანებს.

ეს (მურუსიძის დაბრუნება) ნამდვილად არის დემარში. მურუსიძე ცნობილია იმით, რომ არის სასამართლოში გაბატონებული კლანის ერთ-ერთი ლიდერი, ჩინჩალაძესთან ერთად. „ოცნება“ ამით დასავლეთს ეუბნება, რომ მე ვაკონტროლებდი სასამართლოს, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მეშვეობით, და ასეთივე მეთოდებით განვაგრძობ სასამართლოს კონტროლს შემდგომში და ვერავინ ამაში ხელს ვერ შემიშლის“
სანდრო ბარამიძე, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე (2012-2018)

კოალიციის აზრით, „სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვან პოზიციებზე პირების ამგვარი პროცესებით დანიშვნა ეწინააღმდეგება ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შინაარსს და აშკარად აჩვენებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სისტემური რეფორმის ნაცვლად, კიდევ უფრო ძლიერდება ამ ორგანოში არაფორმალური გავლენები და ძალაუფლების კონცენტრაცია“.

ამ მოსაზრებას „ამერიკის ხმასთან“ საუბარში, იზიარებს სამართლის ექსპერტი სანდრო ბარამიძე, რომელსაც 2012-2018 წლებში, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.

„მე მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად არის დემარში. მურუსიძე ცნობილია იმით,რომ არის სასამართლოში გაბატონებული კლანის ერთ-ერთი ლიდერი, ჩინჩალაძესთან ერთად. ამ კლანს საზოგადოებაში „მურუსიძე-ჩინჩალაძის“ კლანს უწოდებენ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა ქართულ სასამართლო სისტემაში“ - ამბობს ბარამიძე.

მისი თქმით, ახლა როდესაც ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს რადიკალური სასამართლო რეფორმის განხორციელება ევალება, ამის ნაცვლად, „ქართული ოცნება“, რეფორმების მიმართულებით არაფერს აკეთებს. ამასთან, მთელ ქართულ საზოგადოებასა და დასავლელ პარტნიორებს "ხელთათმანსაც ესვრის", როდესაც მურუსიძეს კვლავ იუსტიციის უმაღლესს საბჭოში ირჩევს“.

„მართალია, ეს ტექნიკურად მოსამართლეებმა გააკეთეს, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ „ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელდასმის გარეშე, სასამართლო კლანი გადაწყვეტილებას, რომელიც „ოცნებას“ არ უნდა, არ მიიღებდა. „ოცნება“ ამით დასავლეთს ეუბნება: მე ვაკონტროლებდი სასამართლოს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მეშვეობით, ასეთივე მეთოდებით განვაგრძობ სასამართლოს კონტროლს შემდგომშიც და ამაში ხელს ვერავინ შემიშლის“, - მიაჩნია ბარამიძეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება და წევრების არჩევა 4 წლის ვადით ხდება. 8 წევრს მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს, 5 არამოსამართლე წევრს - პარლამენტი, ერთ წევრს კი პრეზიდენტი ნიშნავს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ავტომატურად საბჭოს წევრია.

ვინაიდან, მართლმსაჯულების სისტემური რეფორმის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა უმნიშვნელოვანესია, საბჭოს განახლება ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. ეს მოთხოვნა 2021 წლის 19 აპრილს, შარლ მიშელის დოკუმენტშიც ჩაიწერა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება ჩაიშალა.

ამ ფონზე, სამართლის სპეციალისტების შეფასებით, იუსტიციის საბჭო პრაქტიკულად გაუმჭირვალე და დახურულია. განსაკუთრებით, ბოლო წერთი წელი, რადგან პარლამენტმა "ვერაფრით მოახერხა" 5 ახალი არამოსამართლე წევრის არჩევა, რის გამოც საბჭო მხოლოდ 10 წევრის შემადგენლობით მუშაობს.

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესს საბჭოში მურუსიძემ 268 ხმა მიიღო
მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესს საბჭოში მურუსიძემ 268 ხმა მიიღო

ამას დაემატა 2022 წლის ოქტომბერში ორი წევრის, მოსამართლეების აბუსერიძისა და გოგინაშვილის (რომლებიც საბჭოში 2021 წლის მაისსა და ოქტომბერში მოსამართლეთა კონფერენციაზე 4 წლით აირჩიეს) ბევრისთვის სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილება, საბჭო საკუთარი განცხადების საფუძველზე დაეტოვებინათ.

"მურუსიძე არის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის მოსამართლე. ეს საქმე ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში შევიდა, როგორც მართლმსაჯულების მარცხი, რომელიც ძალიან მძიმე ლაქად აწევს ჩვენს სასამართლო სისტემას“

სწორედ მათ ნაცვლად, 23 ოქტომბერს, მოსამართლეთა კონფერენციამ, საბჭოში, მოსამართლეების ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის დაბრუნებას დაუჭირა მხარი. ლევან მურუსიძე 2013-17 წლებში, უკვე იყო საბჭოს წვერი და შემდეგ, იუსტიციის საბჭოს მდივანიც.

„ლევან მურუსიძე არის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის მოსამართლე. ეს საქმე ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში შევიდა, როგორც მართლმსაჯულების მარცხი", - უთხრა „ამერიკის ხმას“ სამართლის ექსპერტმა კახა წიქარიშვილმა, რომელსაც უზენაეს სასამართლოსა და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

"გირგვლიანის საქმეზე სტასბურგის სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ სასამართლო ხელისუფლება აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდა, რომ ამ საქმეზე არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულება. გირგვლიანის საქმე ძალიან მძიმე ლაქად აწევს ჩვენს სასამართლო სისტემას“ - ამბობს წიქარიშვილი.

მისი განმარტებით, მურუსიძეს ასევე უკავშირდება სხვა „მძიმე“ საქმეებიც, როგორებიცაა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის და "მეამბოხე მოსამართლეების" საქმე:

"ყველა ამ საქმეზე ისმება კითხვის ნიშნები და არსებობს სერიოზული დასკვნებიც და მოსაზრებებიც, რომ მურუსიძემ მართლმსაჯულება გააყალბა და პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო. სწორედ ამ საქმეებისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ლევან მურუსიძე ხდება მოსამართლეების ლიდერი და მას კომუნიკაცია აქვს როგორც მმართველ პარტიასთან, ასევე - მოსამართლეებთან. რეალურად ის დამაკავშირებელი რგოლია „ოცნებასა“ და მოსამართლეებს შორის. სწორედ ამ ფაქტორის გამო, ის ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას, როგორც იუსტიციის საბჭოს მდივნობის დროს, ისე - მდივნობის შემდგომ პერიოდშიც“, - ამბობს წიქარიშვილი.

რეალურად მურუსიძე არის დამაკავშირებელი რგოლი „ქართულ ოცნებასა“ და მოსამართლეებს შორის. მურუსიძეს ბოლო არჩევნებში მხარი დაუჭირა 268 მოსამართლემ, ეს არის სასამართლო სისტემაში სერიოზული ღირებულებითი კრიზისი. ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ გვყავს 268 მურუსიძე"
კახა წიქარიშვილი, სამართლის სპეციალისტი

მურუსიძეს ბოლო არჩევნებში მხარი დაუჭირა 268 მოსამართლემ. ეს წიქარიშვილის აზრით, სასამართლო სისტემაში სერიოზული ღირებულებითი კრიზისის მაჩვენებელია: "ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ გვყავს 268 მურუსიძე, ეს მიუთითებს, რომ მოსამართლეთა კორპუსი საჭიროებს სრულ გადახალისებას".

სამართლის ექსპერტს მიაჩნია, რომ მურუსიძის დაბრუნება იუსტიციის საბჭოში რამდენიმე ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული. მისი აზრით, კლანს ესაჭიროება მძიმეწონიანი ფიგურები საბჭოში, რათა მათ პაექრობა გაუწიონ იმ არამოსამართლე წევრებს, რომლებიც შეიძლება პარლამენტმა აირჩიოს. კიდევ ერთი ფაქტორი კი წიქარიშვილის თქმით ისაა, რომ შესაძლოა კლანსა და „ქართულ ოცნებას“ ეშინიათ მოსამართლეების განსხვავებული ჯგუფების ჩამოყალიბების და სწორედ მურუსიძის გავლენით ცდილობენ ამ პროცესის შეკავებას.

მოსამართლეების „ლიდერი“ ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნდა. ეს ზუსტად ორი კვირის შემდეგ მოხდა მას მერე, რაც პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ მართლმსაჯულების რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, „სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“ წარმოადგინა.

კოალიციის შეფასებით, მმართველი ძალას არ აქვს სასამართლოს რეალური რეფორმის მზაობა და მურუსიძე-გვრიტიშვილის იუსტიციის საბჭოს წევრებად ხელახალი არჩევა, აძლიერებს სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას და ხელს უშლის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას. ამის გარეშე კი საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ვერ გახდება.

ლევან მურუსიძე
ლევან მურუსიძე

ლევან მურუსიძემ მის წინააღმდეგ არსებულ უამრავ ბრალდებას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში უპასუხა და განაცხადა, რომ საბჭოში 5 წლის შემდეგ იმისთვის ბრუნდება, რომ ყველას შესაბამისი პასუხი გასცეს.

ვიყავი ჩემთვის წყნარად და ვიხილავდი საქმეებს, მაგრამ მუდმივად ხდებოდა ჩემი სახელის დისკრედიტაცია. მივიღე გადაწყვეტილება, რომ შემოვიდე ისევ ამ ბრძოლაში, ყველას გავცე სათანადო პასუხი და ყველას მივუჩინო ადგილი
ლევან მურუსიძე, მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი

„უკვე მრავალი წელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აღარ ვიყავი, ვიყავი ჩემთვის წყნარად და ვიხილავდი საქმეებს, მაგრამ მუდმივად ხდებოდა ჩემი სახელის დისკრედიტაცია. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ შემოვიდე ისევ ამ ბრძოლაში, ყველას გავცე სათანადო პასუხი და ყველას მივუჩინო ადგილი, რათა შესაბამისად, აღარავის გაუჩნდეს სურვილი, რომ ლანძღონ კონკრეტული მოსამართლეები. მაქვს ჩემი თავის იმედი, მაქვს ამის გამოცდილება და მაქვს სასამართლო კორპუსის მხარდაჭერა“, - თქვა მურუსიძემ, რომელიც ასევე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, სადაც 2018 წლიდან გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

ლევან მურუსიძე ასევე კატეგორიულად უარყოფს, მისი ახლო მეგობრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილი მოადგილის, ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის ბრალდებას, რომ ის და მურუსიძე "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, ერთად „ალაგებდნენ მნიშვნელოვანი სასამართლო დავების გადაწყვეტის საკითხებს".

XS
SM
MD
LG