ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სავარაუდო კორუფცია ხელისუფლების მესამე შტოში


ფოტო: "რადიო თავისუფლება"
ფოტო: "რადიო თავისუფლება"

„მე ვიღებ“ – ეს სიტყვები ცნობილი გერმანელი ავტორის ბერტოლტ ბრეხტის ასევე ცნობილი პიესის პერსონაჟ მოსამართლეს ეკუთვნის, რომელიც სასამართლო სხდომის წინ დაუფარავად ამცნობდა საზოგადოებას ქრთამის საჭიროების თაობაზე. საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევა სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკების შესახებ, სხვაგვარად სწორედ აზდაკის სიტყვებით შეიძლება დასათაურდეს: „ მე ვიღებ“. საგანგაშო მონაცემები იმის თაობაზე, რომ განსაკუთრებით კომერციულ დავებსა და პოლიტიკურად სენსიტიური საქმეების შემთხვევაში საქართველოს სასამართლოებში კორუფციული სქემა აქტიურდება, კვლევაში არაერთი ჩაღრმავებული ინტერვიუთი და პირადი გამოცდილების შესახებ ინფორმაციითაა დადასტურებული.

ამერიკის ხმასთან საუბრისას კვლევის ერთ–ერთი ავტორი იურისტი ოლიკო შერმადინი ამბობს: „უკანასკნელ სამ–ოთხ წელში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი კორუფციის სავარაუდო შემთხვევის რაოდენობა. ასევე, ძალიანაა გაზრდილი საზოგადოებაში აღქმა სასამართლოში კორუფციის არსებობის შესახებ. ჩვენ ამ აზრამდე მივედით, როგორც საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების შესწავლით, ასევე ჩავატარეთ ჩაღრმავებული ინტერვიუები სფეროს სპეციალისტებთან. ყველაფერი ადასტურებს, რომ დღეს საზოგადოებაში არსებობს განცდა, რომ სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია სასამართლოში საქმე „დალაგდეს“. კორუფციის სავარაუდო შემთხვევები, ძირითადად, ვლინდება ორი კატეგორიის შემთხვევაში. ესაა მაღალი ღირებულების კომერციული დავები და პოლიტიკურად სენსიტიური საქმეები. როდესაც უკანასკნელ წლებში გამოითქვა ეჭვები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, არსებობდეს კორუფცია სისტემაში კონკრეტულ საქმეებთან მიმართებით, ამაზე ეფექტიანი რეაგირება არ ჰქონია არც პროკურატურას, არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მაგალითად, პროკურატურამ, არ დაიწყო გამოძიება მოსამართლე ირაკლი შავაძის განცხადებასთან დაკავშირებით, როდესაც მან თქვა, რომ მასზე ზეწოლას ახდენდა თავმჯდომარე და სხვა“.

სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი საქმეები ეგრეთ წოდებული „ბოსების“ ჩართულობით წყდება – ამას ამბობს დასკვნა, რასაც ღიმილისმომგვრელი უწოდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა. მისი მდივანი გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის დასკვნა ცრუ ინფორმაციაზეა აგებული: „კვლევა მთლიანად დაფუძნებულია ცრუ ინფორმაციაზე. ჩვენ ველოდით, რომ გაიმართებოდა კვლევის პრეზენტაცია შეხვედრის ფორმატში. ჩვენ ვემზადებოდით ამისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ცალმხრივად გადაწყვდა კვლევის გაშუქება. ეს არაა კრიტიკა, ესაა ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით მცდელობა ჩირქი მოეცხოს სასამართლო სისტემას და არასწორი ფაქტების გადმოცემით შეიქმნას ილუზია, რომ თითქოს სასამართლოში კორუფციაა. სასამართლოში არის ასობით ათასი საქმე მაშინ, როცა შვიდი პირის გამოკითხვითაა შეჯამებული შედეგები კვლევაში.“

ამერიკის ხმა იურისტს, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას ხელმძღვანელს გიორგი მშვენიერაძეს დაუკავშირდა და იმის შესახებ ჰკითხა, რამდენად არის რეალობასთან შესაბამისობაში გამჭვირვალობის კვლევა. თავად ორგანიზაცია, დემოკრატიული ინიციატივა ამჟამად კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ თავმჯდომარე ორგანიზაციაა და აქტიურადაა ჩართული დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების სისტემის შესაქმნელად განხორციელებულ აქტივობებში.

სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ორგანიზაცია ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგს, საერთო სასამართლოებში 2017 წლის 31 იანვრიდან ამოქმედებული საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის მონიტორინგსა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის მართლმსაჯულების ნაწილის შესრულების მონიტორინგს. ორგანიზაცია კოალიციის წევრ სხვა ორგანიზაციებთან ერთად ჩართულია სხვადასხვა საკანონმდებლო წინადადებების, ანგარიშებისა და კვლევების მომზადებაში, ამდენად მათი შეფასება მნიშვნელოვანია. გიორგი მშვენიერაძე აცხადებს:

„ის საკითხები, რაც გამოკვეთილია კვლევაში, ეხმაურება გამოწვევებს, რაც რეალურად დგას სასამართლოს წინაშე. ფაქტია, რომ წლიდან წლამდე სასამართლოსადმი ნდობა მცირდება. ნამდვილად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არსებობს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, რომელიც საკუთარი ინტერესების კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება. გავლენიანი მოსამართლეები ასევე თავმოყრილი არიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ისინი ცდილობენ დანარჩენ სასამართლო სისტემაზე ზეწოლას და ეს გამოსდით კიდეც. ასეთები გახლავთ მიხეილ ჩინჩალაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ლევან მურუსიძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე..ჩემი გადმოსახედიდან, მოსამართლეებს აქვთ კვალიფიკაციის სერიზული პრობლემა, არასწორად ესმით საკუთარი როლი, საკუთარი დანიშნულება და სასამართლო ხელისუფლების მომავალი.“

სასამართლო დღეს ერთ–ერთი ყველაზე უფრო ხშირად გაკრიტიკებულ სტრუქტურას წარმოადგენს საქართველოში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG