ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავარი პროკურორის დილემა


გაათავისუფლებენ თუ არა დაკავებული თანამდებობიდან მთავარ პროკურორს

გაათავისუფლებენ თუ არა დაკავებული თანამდებობიდან მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, ამას საქართველოში ყველა დიდი ინტერესით აკვირდება. მას შემდეგ, რაც თბილისის სასამართლოს მიერ გადაყენებულმა მერმა გიგი უგულავამ ფარცხალაძის ბიოგრაფიაში არსებული შავი ლაქების თაობაზე ინფორმაცია გაასაჯაროვა, მთავარი პროკურორის ბიოგრაფიაში არსებული ლაფსუსების თაობაზე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი საუბრობს. დღეს ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ თუკი გერმანიაში ძარცვის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, უნდა დადგეს მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

„ვფიქრობ, რომ დაუყოვნებლივ უნდა წარმოადგინოს მთავარმა პროკურორმა სკოლის ატესტატი, ანუ რომელ წელს დაამთავრა სკოლა და რამდენად იყო შესაძლებელი 15 წლის ასაკში ჩაებარებინა უმაღლეს სასწავლებელში. რაც შეეხება ძარცვას, თუკი ეს ფაქტი დადასტურდა, დადგინდა, რომ გენერალური პროკურორი მიცემული იყო პასუხისგებაში ამ ბრალდებით, ვფიქრობ, რომ უნდა დადგეს გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პირის მიმართ, რადგან ვთვლი, რომ თუკი პირი ასეთი დანაშაულისთვისაა პასუხისგებაში მიცემული, მას აკისრია გარკვეული მორალური პასუხისგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იყოს ქვეყნის მთავარი სისხლის სამართლის პოლიტიკის განმსაზღვრელი,“- ამბობს ნინო ლომჯარია.

ფარცხალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლლების მხრიდან დაისვა და სამართლიანობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში ფარცხალაძის კარიერა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ დაწყებულა. ის უბრალოდ გაგრძელდა, 2008-2013 წლებში მისი კარიერული წინსვლა „განსაკუთრებით ეფექტურადაა“ შეფასებული მისსავე ოფიციალურ ბიოგრაფიაში. http://pog.gov.ge/res/docs/AXALICVEBI/FARCKHALADZE555551.pdf
იგი მუშაობდა შიდა ქართლის სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად, 2008 წლამდე კი შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, გარდა ამისა, იყო საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი,- მითითებულია მის ბიოგრაფიაში. რაც ნათლად ხაზს უსვამს იმას, რომ ფარცხალაძეს საქმიანობა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში აქვს დაწყებული სწორედ იმავე ბიოგრაფიული შავი ლაქებით, რომელთა თაობაზე გიგი უგულავამ მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ განაცხადა. უცნობია ინფორმაცია იმის თაობაზე, იცოდნენ თუ არა შიდა ქართლში ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელად მომუშავე თანამდებობის პირის ნასამართლეობის თაობაზე ყოფილ მმართველ გუნდში.
საბა წიწიკაშვილი, რომელიც შიდა ქართლის ადამიანის უფლებათა ცენტრის რედაქტორია ამერიკის ხმასთან საუბრისას ამბობს, რომ შიდა ქართლში ფარცხალაძის მუშაობისას არსებული კანონდარღვევების თაობაზე საჩივრები პროკურატურაში შედიოდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ადამიანები, ვინც ფარცხალაძის მხრიდან თავს დაზარალებულად მიიჩნევდნენ, ისევ აპირებდნენ საქმის ხელახლა გასაჩივრებას, თუმცა მას შემდეგ, რაც იგი მთავარ პროკურორად დაინიშნა, მასზე სამხილების წარდგენა თითქმის ყველამ გადაიფიქრა.

„იმ პერიოდში, როდესაც ოთარ ფარცხალაძე მუშაობდა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსად, არაერთი ინფორმაცია გვქონდა ჩვენ იმის შესახებ, რომ ხდებოდა გარკვეული მეწარმეების თუ ბიზნესმენების მიმართ ღონისძიებების გატარება. კონკრეტულად, ამ უწყების მხრიდან გარვეული დავალიანებების აღმოჩენა, ჯარიმების დაკისრება, შემდეგ გადამრავლება წლების მიხედვით. უბრალოდ, ადამიანებს უჩნდებოდათ განცდა ამ დავალიანების უკანონოდ დაკისრების შესახებ. მაგალითად, თუ აღმოჩნდებოდა. რომ რაღაც პერიოდზე საბუთების წარმოდგენა ვერ ხერხდებოდა, ამას ამრავლებდნენ ამ ბიზნეისის არსებობის დროზე, წლებზე და ჯამურად გამოდიოდა საკმაოდ დიდი თანხა. იმ პერიოდში, იქიდან გამომდინარე, რომ იყო შიში და ისინი ფიქრობდნენ უფრო მეტად არ დაზარალებულიყვნენ ამ სამსახურის, ამ ადამიანის მხრიდან, ღიად ერიდებოდნენ საუბარს ამის თაობაზე, მაგრამ სასამართლოში არის ამ პერიოდის საქმეები, რაც, უმეტესწილად, მთავრდებოდა საპროცესო შეთანხმებით. გადახდილი თანხები კი იყო საკმაოდ მაღალი. 2012 წლის სექტემბრამდე, თუ არ ვცდები, სანამ ფარცხალაძე ამ თანამდებობაზე დაინიშნებოდა, იყო გარკვეული მონახაზები იმის თაობაზე, რომ კონკრეტული პოროვნებები აპირებდნენ საუბარს მისი საქმიანობის შესახებ, მაგრამ როგორც კი იგი მთავარ პროკურორად დაინიშნა, ამ ადამიანებმა მაშინვე შეწყვიტეს დავაც და გადაიფიქრეს საუბარიც ამ მიმართულებით, რადგან გაჩნდა ისევ ის შიშის სინდრომი,“- ამბობს საბა წიწიკაშვილი.

გერმანიაში ინციდენტის თაობაზე ინფორმაცია ფარცხალაძემ თავად დაადასტურა. ამ დრომდე მისი ზემდგომი უწყების მხრიდან მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დარჩენა-არ დარჩენის საკითხის თაობაზე ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.
XS
SM
MD
LG