რუსეთში ამერიკის ელჩმა საპყრობილეში ამერიკელი საზღვაო ქვეითი მოინახულა, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით არის დაკავებული. ელჩი ლინ ტრეისი პირისპირ შეხვდა პოლ უელანს და მისი მდგომარეობით დაინტერესდა.
შეხვედრა მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით 350 კილომეტრში, მორდოვიაში შედგა, სადაც ამერიკის მოქალაქე 16 წლიან სასჯელს იხდის. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„ელჩმა ტრეისიმ მას კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და სახელმწიფო მდივანი ბლინკენი მზად არიან დააბრუნონ [პოლი] სახლში“,- თქვა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე.
აქვე უწყება კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ რუსეთის საგამოძიებო ორგანოების ბრალდება „ყალბია“, რის გამოც ვაშინგტონი მოუწოდებს მოსკოვს დაუყონებლივ გაათავისუფლოს პოლ უელანი და მისცეს მას საშუალება სამშობლოში დაბრუნდეს.
მორდოვიაში გამართული შეხვედრის შემდეგ, მოსკოვში ამერიკის საელჩომ განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ „რუსეთში დაკავებული ამერიკის მოქალაქეების მდგომარეობა, ამერიკის მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება“.
„ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას დაუყონებლივ გაათავისუფლონ პოლი“,- წერია მოსკოვში ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ამერიკის ელჩი პოლ უელანს ეწვია. ბოლო შეხვედრა მაისში გაიმართა.
CNN-მა აგვისტოში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა უელანს და დაარწმუნა, რომ შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის სახლში რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს.
უელანი რუსეთში 2018 წელს დააკავეს და 2020 წელს ის ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს. ვაშინგტონი უკვე წლებია ამბობს, რომ უელანი უდანაშაულოა და არ ადასტურებს მოსკოვის ბრალდებებს.
Facebook Forum