ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ილონ მასკი და კიევის შეწყვეტილი იერიში რუსეთის ფლოტზე - რა მოხდა სინამდვილეში ყირიმში


"სტარლინკის" სატელიტური ქსელის ანტენა ქ. იზიუმში, უკრაინის ხარკივის რეგიონში, რომელიც უკრაინას საჩუქრად ილონ მასკმა გადასცა. 25 სექტემბერი, 2022 წ.
"სტარლინკის" სატელიტური ქსელის ანტენა ქ. იზიუმში, უკრაინის ხარკივის რეგიონში, რომელიც უკრაინას საჩუქრად ილონ მასკმა გადასცა. 25 სექტემბერი, 2022 წ.

"უბრალო გაუგებრობა" - ასე აფასებს უოლტერ აიზეკსონი, ცნობილი ამერიკელი ბიოგრაფი და ჟურნალისტი ეპიზოდს, რომელიც უკავშირდება მისი ახალი წიგნის გმირის - ილონ მასკის როლს, უკრაინის მხრიდან რუსეთის ფლოტზე მიტანილი იერიშის ჩაშლაში.

წიგნის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, ტელეკომპანია "სი-ენ-ენმა" (CNN) გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასკმა გასულ წელს გასცა ბრძანება, გამოერთოთ კომპანია "სტარლინკის" სატელიტური კავშირი უკრაინაში. შედეგად, უკრაინას ჩაეშალა წყალქვეშა დრონებით წამოწყებული იერიში სევასტოპოლში ბაზირებულ რუსეთის ფლოტზე. მას შემდეგ, რაც უკრაინულმა წყალქვეშა დრონებმა მართვა დაკარგეს, ისინი ზღვამ ნაპირზე გამორიყა.

როგორც ილონ მასკის ბიოგრაფი აღნიშნავს, ბიზნესმენმა ინჟინრებს ინტერნეტ-კავშირის გამორთვა სავარაუდოდ იმიტომ დაავალა, რომ შიშობდა, რუსეთს ყირიმის შავი ზღვის ფლოტზე მიტანილი მასიური იერიშის გამო, კრემლს ბირთვული დარტყმით არ ეპასუხა. კიევში სცადეს ამერიკელი მილიარდერი გადაწყვეტილების შეცვლაში დაერწმუნებინათ, მაგრამ მან საკუთარი პოზიცია არ შეცვალა.

"სი-ენ-ენის" პუბლიკაციას მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დმიტრი მედვედევმა, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ახლა კი უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ილონ მასკს გაბედულება შეუქო და მას უწოდა „ბოლო ადეკვატური ადამიანი“, რომელიც „გენდერულად ნეიტრალურ ამერიკაში“ დარჩა. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა კი თქვა, რომ „ზოგჯერ შეცდომა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო შეცდომა“, რადგან რუსეთის ფლოტის გემებიდან გაშვებული რაკეტებით უკრაინაში ბავშვები, მოხუცები და ქალები იხოცებიან. პოდოლიაკმა მასკს „უვიცობის და დიდი ეგოს ნაზავიც“ კი უწოდა.

ამერიკულ გამოცემა “ატლანტიკში” კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევარი სტივენ ფილდშტეინი წერს, რომ შეერთებული შტატების მთავრობა მასკის სახით, ერთგვარი დილემის წინაშე აღმოჩნდა. მასკის კერძო სატელიტური კომპანია „სტარლინკი“ ისეთ შესაძლებლობებს იძლევა, რომელთანაც სხვა „ვერცერთი მთავრობა ან კომპანია ვერ მივა... მისი ინოვაციები მასკის მიზანდასახულობის და ამბიციების ნაყოფია. მაგრამ ეს ყოველივე ამერიკის საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკასთან გადაიხლართა. მასკი ფართოდ განიხილება, როგორც არასტაბილური ლიდერი, რომელიც არ შეიძლება ინდობოდეს, როცა საქმე ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებებს ეხება“ - წერს სტივენ ფილდშტეინი. ის 2014-17 წლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხებში.

უოლტერ აიზეკსონი, მწერალი, ჟურნალისტი, ბიოგრაფი.
უოლტერ აიზეკსონი, მწერალი, ჟურნალისტი, ბიოგრაფი.

ავტობიოგრაფიული წიგნი ტექნოლოგიურ მაგნატზე "ილონ მასკი" შეერთებულ შტატებში სამშაბათს, 12 სექტემბერს გამოიცა. როგორც მისმა ავტორმა უოლტერ აიზეკსონმა "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტებს უთხრა, პირველ რედაქციაში ძველი ტექსტი უცვლელად დარჩა. მაგრამ, ის "არასწორად" აღწერს მასკის როლს უკრაინის ჩაშლილ შეტევაში, რაც წიგნის შემდგომ გამოცემებში გამოსწორდება.

კერძოდ, აიზეკსონი ამბობს, რომ ცდომილება უკავშირდება ყირიმში „სტარლინკის“ სატელიტური კავშირის შეწყვეტის თარიღს. მას ეს თავად ილონ მასკმა განუმარტა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყირიმისთვის ინტერნეტის გამორთვა მან გაცილებით ადრე გადაწყვიტა, ვიდრე უკრაინელები რუსეთის ფლოტზე იერიშის მიტანას დაიწყებდნენ. მასკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არ იყო პასუხი წყალქვეშა დრონებით სევასტოპოლის პორტზე დაგეგმილ დარტყმაზე.

ამის შემდეგ აიზეკსონმა ყოფილ „ტვიტერზე“, ახლა კი იმავე ილონ მასკის მფლობელობაში მყოფ სოციალურ პლატფორმა „იქსზე“ განაცხადა: „უკრაინელები ფიქრობდნენ, რომ [ინტერნეტი] ჩართული იყო ყირიმამდე, მაგრამ ეს ასე არ იყო. მათ მასკს სთხოვეს, ჩაერთო ის მათთვის. მასკმა ამის საშუალება არ მისცა, რადგან, ალბათ, სწორად წარმოიდგინა, რომ ეს ომში დიდ გამწვავებას მოიტანდა“.

მასკის პასუხმაც არ დააყოვნა. მან მადლობა გადაუხადა წიგნის ავტორს და თქვა, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა „უკრაინის მოთხოვნაზე უარის თქმასა და უკრაინის [შეტევის] ჩაშლის მიზნით, „სტარლინკში“ განზრახ შეტანილ ცვლილებაში“.

მასკის განმარტებით, მათი ინტერნეტ-მომსახურების პირობები ხაზგასმით კრძალავს „სტარლინკის“ შეტევითი სამხედრო მოქმედებისთვის გამოყენებას, რადგან ის მხოლოდ სამოქალაქო სისტემას წარმოადგენს. მასკი იქვე დასძენს, რომ მისი კომპანია ამერიკის მთავრობისთვის აშენებს „სტარშილდს“ (Starshield), რომელიც „სტარლინკის“ მსგავსი იქნება და რომელსაც შეერთებული შტატების მთავრობა გააკონტროლებს.

და ვიდრე გამომცემლები წიგნის მომავალ რედაქციაში ცვლილებას შეიტანენ, ილონ მასკზე 12 სექტემბერს გამოსულ წიგნში, აიზეკსონის მონათხრობი ასე გამოიყურება:

„მთელი საღამო და ღამით, სიტუაციის მართვა მან საკუთარ თავზე აიღო“, წერს მასკზე მისი ბიოგრაფი. „მისი დასკვნით, “სტარლინკის” შეტევაში გამოყენების დაშვება, შესაძლოა მსოფლიოსთვის კატასტროფული იყოს. ამიტომ მან ფარულად უთხრა თავის ინჟინრებს, რომ გამოერთოთ [ინტერნეტის] კავშირი ყირიმის სანაპიროდან 100 კილომეტრის რადიუსში. შედეგად, როდესაც უკრაინული უპილოტო წყალქვეშა დრონები სევასტოპოლში რუსეთის ფლოტს მიუახლოვდნენ, მათ მართვა დაკარგეს და ნაპირზე უვნებლად გამოირიყნენ“.

წიგნის "ილონ მასკი" გარეკანი. ავტორი უოლტერ აიზეკსონი
წიგნის "ილონ მასკი" გარეკანი. ავტორი უოლტერ აიზეკსონი

Facebook Forum

XS
SM
MD
LG