მოლდოვის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "სპუტნიკის" ოფისის დირექტორი მოლდოვაში. კიშინიოვმა განაცხადა, რომ ვიტალი დენისოვი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.
დღეს, 13 სექტემბერს, დენისოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოს "რია ნოვოსტი" უთხრა, რომ გაძევების შემდეგ, მას მოლდოვაში შესვლა 10 წლით აეკრძალა. დეპორტირებული რუსი ჟურნალისტი ეჭვმიტანილია "ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში", აცხადებს რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასი" და განმარტავს, რომ აღნიშნულ ცნობას, ის მოლდოვის გენერალურ საემიგრაციო ინსპექციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, კიშინიოვმა დაბლოკა "სპუტნიკის" ტელეარხი მთელი მოლდოვის მასშტაბით. მთავრობის განცხადებით, ეს ნაბიჯი ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებით გადაიდგა.
ევროკავშირმა მარტში მის ტერიტორიაზე აკრძალა როგორც "სპუტნიკის", ისე მისი ე.წ. ქოლგა კომპანიის "რაშა თუდეი" (RT) საქმიანობა. ბრიუსელისთვის ამის საჭიროება აშკარა გახდა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ.
Facebook Forum