რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკი“ აცხადებს, რომ ესტონეთში საქმიანობას წყვეტს. სააგენტომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თანამშრომლების დიდმა რაოდენობამ სამსახური ერთდროულად დატოვა. „სპუტნიკი“ აცხადებს, რომ ჟურნალისტებმა სამსახური პოლიციისგან ზეწოლის გამო დატოვეს.
რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა „სპუტნიკმა“ 1 იანვარს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 35 ადამიანმა სააგენტოს ესტონეთის სამსახური დატოვა იმ შიშით, რომ მათ წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის დევნა დაწყებულიყო.
„ესტონეთის პოლიციამ და საზღვრის დაცვის საბჭომ თითოეულ ჩვენგანს ულტიმატუმი წამოგვიყენა: ან შეგვეწყვიტა ჩვენი დასაქმების კონტრაქტები და აღარ გვემუშავა „სპუტნიკ ესტონეთში“ ან ჩვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყებოდა,“ ნათქვამია განცხადებაში.
„სპუტნიკი“ ასევე აცხადებს, რომ მიუხედავად ესტონეთის მთავრობის აბსურდული მუქარებისა, დღევანდელ ევროპაში ჟურნალისტების სამართლებრივი დევნა რეალობაა.
დეკემბერში ესტონეთის მთავრობამ „სპუტნიკის“ ადგილობრივ ოფისს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სააგენტოს თანამშრომლები „სპუტნიკში“ მუშაობით, შესაძლოა, ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების დარღვევაში ღებულობდნენ მონაწილეობას, რაც კანონის ძალით დაისჯებოდა.
„სპუტნიკ ესტონეთი“ რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებულ მედია კომპანია „როსია სეგოდნიას“ ეკუთვნის. კომპანიის ხელმძღვანელი დმიტრი კისილიოვი, რომელიც ანტი-დასავლურ შეხედულებებს აგრესიულად ავრცელებს, ევროკავშირის მიერ სანქცირებულ ადამიანთა შორისაა.
Facebook Forum