მომავალ კვირაში მსოფლიოს ლიდერები ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შეიკრიბებიან.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უმაღლესი დონის შეხვედრები გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე გაიმართება, რაც ძირითადად გამოწვეულია უკრაინაში რუსეთის ომით, ასევე - ჩინეთის მხრიდან შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან მიმდინარე კონკურენციით.
უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც მეორე წელია გრძელდება, კვლავ ნიუ-იორკში გამართული ყოველწლიური შეკრების ყურადღების ცენტრში იქნება. წინასწარი მონაცემებით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ, გაეროში პირველად ჩამოვა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ასამბლეას პირადად დაესწრება.
სხვა წამყვან პრობლემებს შორის, რომლებზეც მსოფლიოს ლიდერები იმსჯელებენ, სახელდება კლიმატის ცვლილებები, ინფლაცია, ჯანდაცვის პრობლემები თუ მდგრადი განვითრების მიზნების მიღწევა.
ზელენსკი კონგრესს ეწვევა და ბაიდენს შეხვდება
შეერთებულ შტატებში ვიზიტის განმავლობაში, უკრაინის პრეზიდენტი ეწვევა ამერიკის კონგრესს და შეხვდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ამერიკულ მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ცნობების მიხედვით, ზელენსკი კონგრესში ხუთშაბათს მივა და იქ კანონმდებლებს შეხვდება.
არც უკრაინული მხარე და არც კონგრესის წარმომადგენლები, ამ ცნობებს არ ადასტურებენ. თუმცა, საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" ამერიკის მთავრობის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წევრმა ანონიმურობის დაცვის პირობით დაუდასტურა, რომ ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრების შემდეგ, ზელენსკის ვაშინგტონში 21 სექტემბერს ელიან.
პრეზიდენტი ბაიდენი კონგრესს უკრაინის დასახმარებლად დამატებით 24 მილიარდ დოლარს სთხოვს. თუმცა, კანონმდებლებს ომში მყოფი ქვეყნის მორიგი დახმარება ჯერ არ დაუმტკიცებიათ.
Facebook Forum