ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო საქართველოში რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავს ეხმაურება


2008 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის და ომის დაწყების მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადება საბჭოს სახელით ალბანეთმა გააკეთა. მას ხელს აწერენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს წევრები: ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, იაპონია და მალტა.

"თხუთმეტი წელი გავიდა რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან და თანდართული უკანონო სამხედრო ყოფნიდან საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტზე. 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა რუსეთის პოლიტიკაში არსებული უფრო აგრესიული ტენდენცია მის მეზობელ ქვეყნებთან და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით. როგორც დღეს უკრაინაში ვრწმუნდებით, რუსეთი ამ გზას აგრძელებს", - ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს უშიშროების საბჭო კიდევ ერთხელ აცხადებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

განცხადება ხაზს უსვამს რუსეთის მიმდინარე აგრესიას საქართველოში, "საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის უხეში დარღვევის" გზით და გმობს მოსკოვის მხრიდან განხორციელებულ "ბორდერიზაციის" პრაქტიკას; სამხედრო წვრთნებს, რომლებიც არღვევს საქართველოს ტერიტორიის საზღვრებს, საჰაერო სივრცეს და ტერიტორიულ წყლებს; ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებს; გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და გადაკვეთის პუნქტების დახურვას; დისკრიმინაციას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღებისთვის ხელის შეშლას, თუ კულტურის ქართული ძეგლების მიზნობრივ განადგურებას.

საბჭოს წევრები ყურადღებას ამახვილებენ საქართველოს მოქალაქეების – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებზე. ეს საქმეები დღემდე გამოუძიებელია და დამნაშავეები კვლავ დაუსჯელნი რჩებიან - ვკითხულობთ განცხადებაში.

გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადება "ღრმა შეშფოთებას" გამოხატავს იმის გამო, რომ "ბოლო წლების განმავლობაში, ადამიანის უფლებადმცველ საერთაშორისო ორგანიზაციათა მონიტორინგის მექანიზმს არ აქვს წვდომა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში". აქედან გამომდინარე, გაერო აღნიშნულ ტერიტორიაზე მათი და ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეუფერხებელი დაშვებისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდებისა და ჰელსინკის დასკვნით აქტზე დაყრდნობით, ასევე - რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის კონტექსტის გათვალისწინებით" - წერია გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაში. გაეროში მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

"ვიმეორებთ რა 15 წლის წინანდელ მოწოდებას, მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, ხელი არ შეუშალოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას და დაუშვას ამ ორივე რეგიონში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამცველები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები" - ამბობს გაეროს უშიშროების საბჭო, 10 აგვისტოს გავრცელებული განცხადების დასკვნით ნაწილში.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG