ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას" - გიორგი გახარია


გიორგი გახარია, გაეროს გენერალური ასამბლეა, 2020 წელი.
გიორგი გახარია, გაეროს გენერალური ასამბლეა, 2020 წელი.

"საქართველო არასდროს შეეგუება რუსულ ოკუპაციას" - ეს სიტყვები, გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ მინისტრმა წარმოთქვა. გიორგი გახარიამ, ასამბლეის წინაშე ონლაინ მიმართვისას, ვრცლად ისაუბრა რუსულ ოკუპაციაზე, მიმდინარე პანდემიასა და ქვეყანაში გატარებული რეფორმების შესახებ.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა განახორციელა ღია, ფართომაშტაბიანი სამხედრო აგრესია, რომლის შეკავება საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში, აშშ-ისა და ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. აქ, გაეროს სათაო ოფისში, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების 20% - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ოკუპირებულია რუსეთის მიერ," - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ვრცლად ისაუბრა საოკუპაციო რეჟიმის მიერ, საოკუპაციო ხაზთან მიიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ეს პროცესი პანდემიის მიმდინარეობის დროსაც კი არ შეწყვეტილა. პრემიერმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ, საქართველოში წარმოებულ საინფორმაციო ომსაც, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ.

"დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას და პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ინტენსიურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, მათ შორის, დეზინფორმაციული შეტევები პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული ინფრასტრუქტურის მთავარ ობიექტზე - რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრზე. სამწუხაროდ, რუსეთი დღემდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფას. უკანონო სამხედრო წვრთნების, ბორდერიზაციის - მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფონზე, ოკუპაციის მძიმე ფასის გადახდა, პირველ რიგში, უწევს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, რომლებიც ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდიან - დაკარგული აქვთ წვდომა საკუთარ კარ-მიდამოზე. უწევთ ცხოვრება რეალობაში, სადაც გადასასვლელების ჩაკეტვა, ოჯახების კიდევ უფრო დაშორება ყოველდღიურობაა. სადაც მათ წართმეული აქვთ მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება, წვდომა ელემენტარულ სამედიცინო სერვისებზე. ადგილი აქვს ადგილობრივების გატაცებას, წამებას და მკვლელობას," - აცხადებს გახარია.

სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა საოკუაპციო რეჟისმის მსხვერპლთა შესახებ ისაუბრა. იგი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეები, გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი, დავით ბაშარული, "საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს."

პრემიერი, საქართველოს მოქალაქეების სახელით, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის უკანონო ქმედებები და ერთობლივი ძალისხმევით აიძულოს კრემლი, შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

"მოვუწოდებთ რუსეთს, კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც გაერო-ს, ეუთოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით განვიხილავთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს, როგორიცაა - რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენება, ჯარების გაყვანა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება” - განაცხადა პრემიერმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG