სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ორშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დაბრუნდება გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში, როგორც დამკვირვებელი.
ბლინკენმა განცხადებაში თქვა, რომ ნაბიჯი ნაწილია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკისა „საგარეო პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და თანასწორობას“.
შეერთებულმა შტატებმა საბჭო 2018 წელს დატოვა ჯო ბაიდენის წინამორბედის დონალდ ტრამპის პირობებში. ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ საბჭო ისრაელის წინააღმდეგაა მიკერძოებული, მას რეფორმა სჭირდება და რომ წევრებს შორის ისეთი ქვეყნები იყვნენ, რომლებიც ხშირად არღვევენ ადამიანის უფლებებს, როგორიცაა ჩინეთი, კუბა და ვენესუელა.
ბლინკენმა ამ საკითხებზეც ისაუბრა. თუმცა მან განაცხადა, რომ ცვლილებების ხელშეწყობის ნაცვლად, ამერიკის მიერ საბჭოდან გასვლამ, „ვაკუუმი შექმნა“, რომელიც „ავტორიტარული დღის წესრიგის მქონე ქვეყნებმა თავის სასარგებლოდ გამოიყენეს“.
„საბჭოს ნაკლოვანებების გადასაჭრელად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მან მისი მანდატი შეასრულოს, შეერთებული შტატები უნდა დარჩეს მაგიდასთან“, - განაცხადა ბლინკენმა.
ამერიკის მხარის განცხადებით, ის დამკვირვებლის სტატუსიდან წევრობის სტატუსის მიღებას ეცდება წლის ბოლოს, როცა საბჭოში ახალი წევრების მიღების პროცედურაა დაგეგმილი.
Facebook Forum