ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხედრო გადატრიალება და საგანგებო ვითარება მიანმარში


მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. შეიარაღებულმა ძალებმა დააკავეს ქვეყნის დე ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და მმართველი პარტიის - ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის - სხვა წარმომადგენლები.

ქვეყნის, რომელსაც 1989 წლამდე ბირმა ერქვა, სამხედრო ტელეარხზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, მიანმარის ლიდერებს ბრალად წაუყენეს ნოემბრის არჩევნებზე, მათი თქმით, დაფიქსირებულ გაყალბებებზე რეაგირების არქონა. სამხედრო ლიდერები აცხადებენ, რომ საგანგებო ვითარება ერთი წელი გაგრძელდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ერთი წლის მანძილზე მომზადდება არჩევნები და სამხედროები ძალაუფლებას გამარჯვებულს გადასცემენ.

ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის ადასტურებს, რომ ეს სამხედროების მიერ განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალებაა. "რამდენადაც ვიცით, ყველა მნიშვნელოვანი ადამიანი დაკავებულია მიანმარელი სამხედროების მიერ" - ნათქვამია მმართველი პარტიის პრესსპიკერის დღევანდელ განცხადებაში.

მათი "ფეისბუქის" გვერდი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს არ აღიარონ გადატრიალება და "სამხედრო დიქტატურა". პირველ თებერვალს მიანმარის ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იყო დანიშნული. მმართველი პარტია თვლის, რომ მათ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ "ამერიკა მიანმარელი ხალხის გვერდში დგას და მხარს უჭერს მათ სწრაფვას დემოკრატიის, თავისუფლების, მშვიდობის და განვითარებისადმი". ბლინკენმა სამხედროებს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეცვალონ მიღებული გადაწყვეტილებები და ქმედებები.

"შეერთებული შტატები არ მიიღებს ახლახან ჩატარებული არჩევნების შედეგების ნებისმიერი სახით შეცვლას" - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ თუ ეს ზომები არ შეიცვლება, ამერიკა მიიღებს ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც ეს ნაბიჯები გადადგა.

მიანმარში მომხდარი ​სამხედრო გადატრიალება ბრიუსელმაც დაგმო. ევროპის კავშირის ლიდერებმა დაკავებული სახელმწიფო ლიდერების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. ანალოგიური განცხადება გაკეთდა ბრიტანეთში, ავსტრალიაში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და გაეროშიც. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მხარეებს დიალოგისკენ და დაპირისპირების მშვიდობიანი რეზოლუციისკენ მოუწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG