გაეროს ბირთვული ენერგიის მარეგულირებლის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ირანმა შეანელა ურანის გამდიდრების ტემპი. ინფორმაცია სააგენტომ "ასოშეითიდ პრესი" 4 სექტემბერს გაავრცელა, მის ერთ-ერთ ჟურნალისტზე დაყრდნობით, რომელმაც დოკუმენტი ნახა. ანგარიშის მიხედვით, ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ თეირანი ცდილობს შეამსუბუქოს დაძაბულობა მასსა და ამერიკას შორის.
კონფიდენციალური ანგარიში იმ ფონზე მომზადდა, როდესაც ირანი და შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებენ პატიმრების გაცვლასა და სამხრეთ კორეაში გაყინული მილიარდობით დოლარის ღირებულების ირანული აქტივების დაბრუნებაზე. თუმცა, საერთაშორისო ინსპექტორებმა ასევე აღნიშნეს, რომ არსებობს ახალი გამოწვევები ირანის ბირთვული პროგრამის მონიტორინგის მცდელობაში.
იმისთვის, რომ ირანს არ შეძლებოდა ატომური იარაღის შექმნა, მსოფლიო ძალებმა თეირანთან 2015 წელს ბირთვული შეთანხმება გააფორმეს. ხელშეკრულების მიხედვით, ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, თეირანი ურანის გამდიდრების შეზღუდვას დათანხმდა, ბირთვული ენერგიისთვის საჭირო წარმოების დონემდე. გაეროს ინსპექტორებს კი დაევალათ პროგრამის მონიტორინგი.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ თავის მოხსენებაში განაცხადა, რომ ირანს აქვს 121,6 კილოგრამი ურანი, რომელიც 60%-მდეა გამდიდრებული. ეს ნიშნავს, რომ მისი საწვავის მარაგი 2021 წლის შემდეგ ყველაზე ნელი ტემპით იზრდება. მაისში ჩატარებულმა კვლევამ 114 კილოგრამზე ოდნავ მეტი მარაგი აჩვენა. თებერვალში კი მათ 87,5 კილოგრამი ჰქონდათ.
Facebook Forum