ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი: ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო პარტნიორობა გაღრმავდა


ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს იმის მტკიცებულება, რომ რუსეთი ირანისგან დრონებს და მათი წარმოებისთვის საჭირო ტექნიკას იღებს. ჯონ კირბის, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის თქმით, მათ აქვთ უტყუარი მტკიცებულება, რომ ირანი და რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში მჭიდროდ თანამშრომლობენ.

„მაისის მონაცემებით, რუსეთმა ირანისგან ასობით ცალმხრივი თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებასთან დაკავშირებული აღჭურვილობა მიიღო. ჩვენ ვავრცელებთ გრაფიკას, სადაც ჩანს, როგორ ხდება ირანული დრონების რუსეთში გადატანა: დრონები ირანში იწყობა, კასპიის ზღვის გავლით, ამირაბადიდან, ირანიდან მაჰაჩკალაში, იქიდან კი რუსეთში, შემდეგ კი რუსეთის სამხედრო ძალებთან უკრაინაში მიდის“,- ამბობს კირბი.

რუსეთის მიერ ირანის დრონების გამოყენება სიახლე არაა, ისინი უკვე თვეებია, რაც ირანულ დრონებს იყენებენ უკრაინაზე თავდასხმისთვის. სწორედ ირანული დრონებით ცდილობდა კრემლის არმია ზამთარში უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას და მოსახლეობის გათბობის, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვებას, რაც რიგ შემთხვევბში მოახერხა კიდეც.

თუმცა, ამჟამად კირბი ამბობს, რომ თანამშრომლობა ირანსა და რუსეთს შორის გაღრმავდა, გაფართოვდა და რუსეთი ახლა ქვეყნის შიგნითაც ეცდება დრონების წარმოებას, რაც მდგომარეობას ართულებს.

„შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთი მუშაობს ირანთან ერთად, ირანული დრონების რუსეთს შიგნით წარმოებაზე. გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი იღებს უპილოტო საფრენი აპარატების შესაქმნელად საჭირო მასალას რუსეთს შიგნით არსებულ ქარხანაში. ეს ქარხანა კი სრულად შესაძლოა მომავალ წელს ამუშავდეს“,- განმარტავს ჯონ კირბი.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, მხარდაჭერა ორივე ქვეყნიდან გაძლიერებულია. კირბი აცხადებს, რომ რუსეთმა ირანს „უპრეცენდენტო თავდაცვითი თანამშრომლობა“ შესთავაზა, რაც მოიცავს რაკეტებს, ელექტრონულ და საჰაერო თავდაცვით სისტემებს. მისი ინფორმაციით, ირანი ცდილობს, რომ დამატებითი ტექნიკა შეიძინოს რუსეთისგან, მათ შორის - ვერტმფრენები, რადარები და ა.შ „საბოლოო ჯამში, ირანი ცდილობს, რომ რუსეთისგან მილიარდობით დოლარის ღირებულების ტექნიკა მიიღოს რუსეთისგან“,- ამბობს კირბი.

თეთრ სახლში ამბობენ, რომ რუსეთ-ირანის თანამშრომლობა, პირველ რიგში, უკრაინას აზიანებს: „ ეს არის სრულმასშტაბიანი თავდაცვითი პარტნიორობა, რაც უკრაინას, ირანის მეზობლებს და საერთაშორისო საზოგადოებას აზიანებს“. კირბის თქმით, რუსეთისა და ირანის ქმედებები არღვევს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას და ამერიკა „განაგრძობს პარტნიორებთან და გაეროსთან ერთად მუშაობას, რათა მათ პასუხი აგებინონ“.

კირბიმ ასევე ახსენა დამატებითი სანქციების დაწესების შესაძლებლობაც და თქვა, რომ სანქციების ნაწილი უკვე დაეკისრა იმ ირანელ და რუს პირებს, ვინც ამ სამხედრო ტექნიკის გადატანაში მონაწილეობენ.

XS
SM
MD
LG