ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი ამბობს, რომ მარცვლეულის შეთანხმებას გუტერეშთან განიხილავს


თურქეთის პრეზიდენტი, რეჯებ ტაეპ ერდოღანი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების სახელით ცნობილ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით განხილვებს აწარმოებს და მიმდინარე თვეს, ანტონიო გუტერეშთან სწორედ ამ საკითხზე ისაუბრებს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს ერდოღანმა თქვა, რომ გაეროს მიერ წარდგენილი ახალი შეთავაზებები, გარკვეულწილად, რუსული მხარის მოთხოვნებსაც მოიცავს. პუტინთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში ერდოღანმა თქვა, რომ მას სჯერა, კონსესუსის მიღწევა მალე გახდება შესაძლებელი.

რუსეთის მოთხოვნებს შორისაა მისი აგრარული ბანკის "სვიფტის" პროგრამაში დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ გადამზიდი გემები დაზღვეულები იქნებიან.

"28 აგვისტოს, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა წერილში, რომელიც გამოაგზავნა, შუამავალი მექანიზმის შესახებ გააკეთა შეთავაზება, როემლიც "სვიფტის" გადარიცხვების შედეგად იმუშავებს. თუმცა, პირდაპირ "სვიფტში" არ აისახება, როგორც ეს რუსებს სურდათ",- თქვა ერდოღნმა. მისივე თქმით, გაერო გემების დაზღვევის თემაზეც მუშაობს.

ერდოღანმა მედიასთან საუბარში განმარტა, რომ ეს მოთხოვნა რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესია და მის გარეშე ის შეთანხმებაში არ დაბრუნდება.

ნატოს წევრი თურქეთი ერთადერთია ალიანსის ქვეყნებს შორის, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ერდოღანი პირადად ცდილობს, რომ რუსეთი დაარწმუნოს, დაბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებით ცნობილ მოლაპარაკებებში. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ კორიდორს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე გატანას მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. შეთანხმება რუსეთმა, რომელსაც კიევმა და მოსკოვმა თურქეთისა და გაეროს შუამავლობით მიაღწიეს, 2023 წლის ივლისში დატოვა.

XS
SM
MD
LG