რუსულ მედიაში აცხადებენ, რომ რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების მოსალოდენლი მოლაპარაკებები, შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის შეთანმხების გაგრძელების ერთადერთ იმედად რჩება. შეთანხმების ვადა მომავალ კვირას იწურება.
2022 წლის ივლისში, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, რუსეთსა და უკრაინას შორის დადებული შეთანხმების მიზანი უკრაინის მარცვლეულის გლობალურ ბაზარზე გატანა არის. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე, რუსეთმა შავი ზღვის პორტები დაბლოკა. მარცვლეულის შეთანხმება შავ ზღვაში უსაფრთხო დერეფანს უზრუნველყოფს, რომლის გავლითაც გემებს უკრაინული მარცვლეული თურქეთში ჩააქვთ.
რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ანონიმურმა წყარომ უთხრა, რომ შეთანხმების გაგრძელებასთან დაკავშირებით, „ომტიმიზმი არ არსებობს“. გასული კვირის განმავლობაში, იგივე პოზიცია ოფიციალურმა მოსკოვმა არაერთხელ გამოთქვა.
„ჩვენი პრაქტიკა აჩვენებს, რომ ვითარების შეცვლა, ორი ლიდერის მოლაპარაკებებს შეუძლია. მიმდინარე რთული პერიოდი გამონაკლისი არ არის. დღეს, ერთადერთ იმედად ეს რჩება“ - ეუბნება „რია ნოვოსტის“ ანონიმური წყარო, რომელსაც რუსული საინფორმაციო სააგენტო სანდოდ მიიჩენვს.
შაბათს ერდოღანმა განაცხადა, რომ შეთანხმების გაგრძელების მიზნით, ის რუსეთზე ზეწოლას ახორციელებს. მისი თქმით, მიზანი შეთანხმების მინიმუმ სამი თვით გაახანგრძლივებაა. ერდოღანმა ასევე თქვა, რომ თურქეთში ვლადიმირ პუტინის ვიზიტი აგვისტოში იგეგმება.
კრემლი აცხადებს, რომ ლიდერების შეხვედრასთან დაკავშირებით, ოფიციალურად ჯერ დაგეგმილი არაფერი არ არის.