„ამოუცნობი მფრინავი ობიექტების“ თემაზე მექსიკის კონგრესში გამართულ მოსმენას, სადაც სავარაუდოდ არამიწიერი არსებების ნეშტები წარმოადგინეს, ხუთშაბათს სწრაფი საერთაშორისო კრიტიკული რეაქცია მოჰყვა. კრიტიკოსებმა მას „ფანდი“ უწოდეს, პერუს ოფიციალურმა პირებმა კი, სადაც ეს ნიმუშები თავდაპირველად აღმოჩნდა, კითხვები დასვეს.
მექსიკელმა ჟურნალისტმა და „ამოუცნობი მფრინავი ობიექტების“ ენთუზიასტმა ჯეიმ მაუსანმა, სამშაბათს გამართულ მოსმენაზე პოლიტიკოსებს წარუდგინა ყუთებში მოთავსებული ორი პატარა სხეული, რომლებსაც თითოეულ ხელზე სამი თითი და წაგრძელებული თავები ჰქონდათ. მან განაცხადა, რომ ნიმუშები 2017 წელს პერუში აღმოაჩინეს და დედამიწაზე არსებულ სიცოცხლის არანაირ ფორმასთან კავშირი არ აქვთ.
მაუსანს მსგავსი საკამათო განცხადებები წარსულშიც აქვს გაკეთებული.
მექსიკაში პირველად გამართულმა მსგავსმა მოსმენამ საერთაშორისო ცნობისმოყვარეობა და ამასთან ერთად მნიშვნელოვანი დაცინვა გამოიწვია.
შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტის ყოფილმა პილოტმა რაიან გრეივსმა, რომელიც მოსმენას ესწრებოდა რათა „ამოუცნობი ანომალური ფენომენების“ ნახვის საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა, კონგრესში წარდგენა გააკრიტიკა.
„გუშინდელი წარდგენა, ამ საკითხის გარშემო უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. ამ უსაფუძვლო ფანდით ღრმად იმედგაცრუებული ვარ,“ დაწერა გრეივსმა X-ის (ყოფილი „ტვიტერი“) სოციალური მედიის პლატფორმაზე.
ივლისში გრეივსი მონაწილეობდა „ამოუცნობი ანომალური ფენომენების“ საკითხზე შეერთებული შტატების კონგრესში გამართულ მოსმენაში, როდესაც მან თქვა, რომ საჰაერო სივრცეში აუხსნელი ფენომენების დანახვის ფაქტები „უაღრესად არასაკმარისად შუქდება“.
პერუს კულტურის მინისტრმა თქვა, რომ სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანაში არცერთ სამეცნიერო ინსტიტუტს ნეშტები არამიწიერად არ უცვნია და დასვა კითხვა იმაზე, თუ ეს ნიმუშები პერუდან როგორ გავიდა.
მაუსანმა ხუთშაბათს „როიტერთან“ საუბარში განაცხადა, რომ კრიტიკოსებს მისი განცხადებების გამაბათილებელი მტკიცებულებები ჯერ კიდევ არ წარმოუდგენიათ.