შეერთებული შტატების მთავრობა ხშირად უყურადღებოდ ტოვებდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (ინგლისურად - UFO) არსებობის შესაძლებლობას დედამიწაზე. ეს იმის მიუხედავად ხდებოდა, რომ სინათლის სისწრაფით მოძრავ, დაუჯერებელი მოქნილობის ობიექტებზე ანგარიშთა რიცხვი, თუ ვიდეომასალა, რომელსაც აშშ-ის სამხედრო პილოტები იღებდნენ, ათწლეულების მანძილზე არ შეწყვეტილა.
ზოგ შემთხვევაში ბრტყელი და მრგვალი ფორმის გამო, მსგავს ობიექტებს მოსახლეობაში მფრინავ თეფშებს ეძახიან. ამერიკულ ავიაციაში სპეციალისტები მათ ამოუცნობ საჰაერო მოვლენას (ინგლისურად - UAP) უწოდებენ.
სამშაბათს ამ საკითხებს ამერიკის კონგრესში გამართული სპეციალური მოსმენა მიეძღვნა. სპეციალისტებმა უპასუხეს კანონმდებლების კითხვებს ამოუცნობ საჰაერო მოვლენაზე და ამერიკისთვის შესაძლო ეროვნული უსაფრთხოების რისკებზე. მსგავსი მოსმენა კონგრესში ბოლო 50 წელია არ გამართულა. ამჯერად ფოკუსში იყო არა სხვა პლანეტებიდან და ცივილიზაციიდან მომდინარე საფრთხე, არამედ იმის შესაძლებლობა, რომ ეს ობიექტები შესაძლოა დედამიწაზე მყოფი მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან მოდიოდეს.
კონგრესში მოსმენა მას შემდეგ გაიმართა, რაც დაახლოებით ერთი წლის წინ, ცნობილი გახდა ამ საკითხებზე მომზადებული სამთავრობო ანგარიშის არსებობის შესახებ. მასში აღწერილი და დოკუმენტირებულია ამერიკელი სამხედრო პილოტების მიერ ამოუცნობ საჰაერო მოვლენაზე დაკვირვების 140 შემთხვევაზე მეტი.
"ეს რეალობაა. საჭიროა მათი შესწავლა. და აუცილებელია მათგან მომავალი ნებისმიერი საფრთხის შემცირება" - განაცხადა დემოკრატმა კონგრესმენმა ანდრე კარსონმა. ის წარმომადგენელთა პალატაში დაზვერვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა კონტრტერორიზმის და კონტრდაზვერვის საკითხებში. "ნებისმიერი სტიგმა, რომელიც ამოუცნობ საჰაერო მოვლენას უკავშირდებოდა, ხელს უშლიდა დაზვერვის საფუძვლიან ანალიზს. პილოტები ანგარიშის წარდგენას უფრთხოდნენ, რადგან მათ ასეთ დროს ხშირად დასცინოდნენ... თუმცა დღეს ეს უკეთ გვესმის", თქვა კონგრესმენმა კარსონმა.
ერთ-ერთი სპეციალისტი, რომელსაც ამერიკის კონგრესში მოუსმინეს, იყო რონალდ მოლტრი. ის აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეა დაზვერვის და უსაფრთხოების საკითხებში და პენტაგონში ხელმძღვანელობს ამოუცნობი საჰაერო მოვლენის შემსწავლელ გუნდს. "ვინაიდან ამოუცნობი საჰაერო მოვლენა პოტენციურად ფრენის უსაფრთხოების და ზოგადად უშიშროების რისკებს ქმნის, ჩვენი მიზანია მათი წარმოშობის შესწავლაზე ფოკუსირება" - ამბობს მოლტრი და დასძენს, რომ ისინი ნებისმიერი ჰიპოთეზის ან დასკვნის მიმართულებით გახსნილები არიან.
მოსმენაზე წარმომადგენელთა პალატის წევრებს ჰქონდათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესაძლებელია და დასაშვებია ის, რომ ეს საჰაერო მოვლენები ამერიკის მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოებისგან მოდიოდეს, რომ ისინი სპეციალურად ქმნიდნენ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მსგავს ტექნოლოგიებს. "დაზვერვის წრეებს სერიოზული მოვალეობა აქვს ჩვენი გადამხდელების წინაშე, რომ აღკვეთოს პოტენციური მტრული ნაბიჯები ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი, რათა მათ მოულოდნელი ახალი ტექნოლოგიებით არ გაგვაოცონ" - თქვა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა რიკ კროუფორდმა.
მოსმენებზე სკოტ ბრეიმ, რომელიც აშშ-ის ფლოტის დაზვერვის დირექტორის მოადგილეა, კანონმდებლებს აჩვენა ვიდეოები, რომლებიც სამხედრო პილოტებმა გადაიღეს. ბრეის თქმით, მსგავსი ვიდეოების რაოდენობა უკვე 400-მდეა და ტექნოლოგიურ წინსვლასთან ერთად, კიდევ უფრო იზრდება. მათ შორის ზოგი სამკუთხა ფორმის მანათობელ ობიექტებს ასახავს, რომლებზეც მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს ღამის ხედვის ჭოგრიტში სინათლის ანარეკლით შექმნილი ვიზუალური ეფექტი იყო.
ზოგ ვიდეოში კი ჩანდა სფეროს ფორმის ასევე მანათობელი ობიექტები, რომლებიც თვითმფინავების გვერდით დაფრინავს ან ძალიან სწრაფად ჩაუვლის მათ. სკოტ ბრეის თქმით, ეს უკანასკნელი ფენომენი ჯერჯერობით ამოუხსნელად რჩება. ფლოტის დაზვერვის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ ობიექტების თუ ფენომენის კოსმოსური წარმოშობა გამორიცხული არ არის, თუმცა ჯერჯერობით არც იმის რაიმე დამადასტურებელი ნიშანი აქვთ, რომ ისინი დედამიწაზეა შექმნილი.
ბრეიმ კანონმდებლებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა, როცა საქმე ეხება დაზვერვის ინფორმაციის გამჭვირვალობას და გასაჯაროებას. მან კომიტეტის წევრებს შეახსენა, რომ აუცილებელია დაზვერვის ინფორმაციის დაცვის საკითხებში გარკვეული ბალანსის დაცვა. "ჩვენი საქმიანობის - ეროვნული თავდაცვის - ხასიათიდან გამომდინარე, ბევრის შესაძლო მოლოდინის მიუხედავად, ჩვენ ზოგჯერ ნაკლებად გთავაზობთ ინფორმაციას ღია ფორუმებზე" - თქვა მან. ამის მიზეზი კი ის არის, რომ "არ გვსურს პოტენციურმა მტრებმა იცოდნენ ზუსტად, თუ რისი დანახვა ან გაგება შეგვიძლია და როგორ მივდივართ იმ დასკვნებამდე, რასაც ვაკეთებთ" - აღნიშნა სკოტ ბრეიმ.
Facebook Forum