სამი ვიდეო, რომლებზეც „ამოუცნობი მფრინავი ობიექტი“ ფიგურირებს, შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მფრინავების მიერაა გადაღებული. ინფორმაციას საზღვაო ძალების სპიკერი, ჯოზეფ გრადიშერი “Black Vault blog”-თან საუბრისას ადასტურებს.
ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ამსახველი, ხსენებული სამი ვიდეომასალა, 2017 წლის დეკემბრიდან, 2018 წლის მარტამდე პერიოდში გავრცელდა. თავიდანვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კადრები შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მფრინავების მიერ იყო გადაღებული, თუმცა ეს ამ დრომდე ოფიციალურად არ დასტურდებოდა.
რა არის ვიდეომასალაზე ასახული?
„ვიდეოებში წარმოდგენილ ობიექტებს საზღვაო ძალები განსაზღვრავს, როგორც ამოუცნობ საჰაერო მოვლენას“ჯოზეფ გრადიშერი
„ვიდეოებში წარმოდგენილ ობიექტებს საზღვაო ძალები განსაზღვრავს, როგორც ამოუცნობ საჰაერო მოვლენას,“ აცხადებს გრადიშერი.
რა განსხვავებაა ორ ტერმინს, „ამოუცნობ მფრინავ ობიექტსა“ (ამფ) და „ამოუცნობ საჰაერო მოვლენას“ (ასმ) შორის?
ტერმინი „ამო“ – „Unidentified flying object”, “UFO”, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დამკვიდრდა და უცხოპლანეტელთა კოსმოსური ხომალდის სინონიმად გამოიყენება. ტერმინს იყენებენ ობიექტების ან მოვლენების განსასაზღვრად, რომლთა ამოხსნა ტრადიციული მეცნიერებებით თითქმის შეუძლებელია. ალბათ ამიტომაც, ამ მოვლენებს, შეიძლება ითქვას, „ალტერნატიული მეცნიერება“ - უფოლოგია შეისწავლის. აკადემიურ სამეცნიერო წრეებში, უფოლოგიას ფსევდომეცნიერებას უწოდებენ.
რაც შეეხება „ამოუცნობ საჰაერო მოვლენას“ – „Unidentified Aerial Phenomena“, „UAP”, მკვლევარები, სამხედრო პირები, რაიმე ტიპის საჰაერო მოვლენას ან მფრინავ ობიექტს, რომელთა ამოცნობა/იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, სწორედ ამ ტერმინით მოიხსენიებენ.
გახმაურებული და რეზონანსული ვიდეომასალები „To The Stars Academy of Arts & Science“-მა გაავრცელა. ორგანიზაცია ცნობილი როკ ჯგუფის, „Blink-182”-ს ყოფილ წევრს ეკუთვნის და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლით არის დაკავებული. ზოგიერთი ცნობით, ორგანიზაციას ვიდეომასალა პენტაგონის ყოფილმა თანამშრომელმა გადასცა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს მილიონობით ნახვა აქვს.
უფოლოგთა და უცხოპლანეტელთა ცივილიზაციის არსებობის იდეის მხარდამჭერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კადრები უცხოპლანეტელთა არსებობის შესახებ არსებულ მათ თეორიას ადასტურებს. აშშ-ის საზღვაო ძალების სპიკერი კი ადასტურებს, რომ საზღვაო ძალების მფრინავმა, მხოლოდ „ამოუცნობი საჰაერო მოვლენა“ დააფიქსირა, რაც უცხოპლანეტელების არსებობას არ ამტკიცებს.
„ვაშინგტონ პოსტი“ ამ მოვლენების შესახებ სტატიას „ეროვნული უსაფრთხოების“ სექციაში აქვეყნებს სათაურით -„Those UFO videos are real, the Navy says, but please stop saying ‘UFO’“.
Facebook Forum