"ეფ-16" უკრაინისთვის - ბაიდენი ბრიტანეთისა და დანიის პრემიერებს შეხვდება

მიმდინარე კვირაში, აშშ-ის პრეზიდენტი, ბრიტანეთის და დანიის პრემიერ-მინისტრებს უმასპინძლებს. თეთრ სახლში დაგეგმილ უმაღლესი დონის შეხვედრებზე, მთავარ განსახილველ საკითხებს შორის, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი იქნება. დაგეგმილია მსჯელობა ახლახან წამოწყებულ ძალისხმევაზე, რომელიც საბოლოოდ უკრაინისთვის „ეფ-16“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას, მანამდე კი ამისთვის უკრაინის ძალების წვრთნას ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ: ნატოს წვრთნებიდან ერთი დღის შემდეგ, რუსეთმა ბალტიის ზღვაში წვრთნები დაიწყო

ბრიტანეთი და დანია, ერთობლივ საერთაშორისო გეგმაში, გადამწყვეტ როლს ასრულებენ. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნაზე, კიევისთვის ამერიკული წარმოების „ეფ-16“ მოიერიშეეების მიწოდებაზე, თეთრი სახლის რამდენიმეთვიანი წინააღმდეგობის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა საერთაშორისო გეგმას მხარი დაუჭირა. მან თქვა, რომ უკრაინული ძალების წარმომადგენლები, ამერიკული მოიერიშეების მართვაზე სწავლებას გაივლიან.

პრეზიდენტი ბაიდენი, დანიის პრემიერ-მინისტრ მეტ ფრედრიკსენთან შეხვედრას დღეს, ორშაბათს მართავს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს კი ხუთშაბათს უმასპინძლებს. ნატოს ორ მნიშვნელოვან მოკავშირე ქვეყნის ლიდერებთან პრეზიდენტ ბაიდენის შეხვედრას, ფონად გასდევს მოცემულობა, როცა კიევი აცხადებს, რომ რუსეთის ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად მზადაა. 15 თვეზე მეტია, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან, არაპროვოცირებულ ომს აწარმოებს. ეს ასევე არის მომენტი, როცა შეერთებული შტატები და ევროპა ცდილობს მოსკოვს აჩვენოს, რომ დასავლეთის ალიანსი ძლიერი და ერთგული რჩება, უკრაინისადმი გრძელვადიანი ვალდებულების განმტკიცებასთან დაკავშირებით.

უკრაინისთვის „ეფ-16“-ების მიწოდების საკითხი

„ერთ-ერთი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც მათ შეხედულებებს მოვისმენთ და ამასთან, თავად პრეზიდენტიც დაინტერესებულია გაუზიაროს თავისი შეხედულებები, უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების საკითხია და ეს არის მოცემულობა, სადაც ამ დისკუსიაში, ერთგვარად, „ეფ-16“-ები შემოდის“ - თქვა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ.

დისკუსიაში, „ეფ-16“-ები ერთგვარად შემოდის
ჯონ კირბი

1970-იანი წლებიდან მოყოლებული, დანიამ ამერიკული წარმოების ათობით „ეფ-16“ შეიძინა. ამასთან კოპენჰაგენი აცხადებს, რომ მზადაა შესაძლებლობისთვის, მათი ნაწილი უკრაინას მიაწოდოს. უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას მტკიცედ ემხრობა ბრიტანეთი. თუმცა, თავად ბირტანეთს, „ეფ-16“ ტიპის ამერიკული წარმოების მოიერიშეები არ აქვს და ასევე გამორიცხავს კიევისთვის საკუთარი „ტაიფუნის“ სახელით ცნობილი მოიერიშეების მიწოდებას. სანაცვლოდ, ბრიტანეთი აცხადებს, რომ უკრაინელ პილოტებს, ზაფხულის დასაწყისში, დასავლური სტანდარტების თვითმფრინავებზე საბაზისო მომზადებას ჩაუტარებს. სწავლების საბოლოო მიზანი კი ისაა, რომ უკრაინელმა პილოტებმა, ამერიკული „ეფ-16“-ების მართვა შეძლონ. უკრაინელი მფრინავები სწავლების შემდეგ ეტაპებს სხვა ქვეყნებში გაივლიან.

რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკვე მეორე დღეა, უკრაინული ძალები სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის ძალების ხაზების გასარღვევად დიდ ძალისხმევას წევენ. კიევმა თავდასხმები არ დაადასტურა და თქვა, რომ მოსკოვის მტკიცება, რუსული „მზაკვრული“ დეზინფორმაციის ნაწილია.

ნატო და ევროკავშირი

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტ ფრედერიქსენი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი გასულ კვირას იმ 45 ევროპელ ლიდერს შორის იყვნენ, რომლებიც მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში მონაწილეობდნენ. სამიტზე ევროპელმა ლიდერებმა ხაზი გაუსვეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ამბიციების მხარდაჭერას, - მოსკოვის გვერდის ავლით, დასავლეთთან დაახლოვდნენ.

Your browser doesn’t support HTML5

ირაკლი ღარიბაშვილის რეზონანსული განცხადება და შეფასებები

ამასთან, მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი, თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრებზე, მომავალ თვეში, ლიეტუვაში დაგეგმილი ნატოს სამიტის შესახებ იმსჯელებს. ვილნიუსის სამიტის წინ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ალიანსისგან ითხოვს, უკრაინამ კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს, რათა საბოლოოდ ალიანსის წევრი გახდეს.

მიმომხილველების დაკვირვებით, სამიტზე ალიანსი განიხილავს უკრაინის ნატოს არაწევრი სტატუსის გაძლიერებას და ამასთან მოამზადებს ჩარჩოს უსაფრთხოების ვალდებულებისთვის, რომელსაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, კიევს რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ შესთავაზებს.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, მაქს ბერგმანი ამბობს, რომ ბაიდენისა და მისი ევროპელი კოლეგების ამოცანაა, დარჩნენ ერთსა და იმავე პოზიციაზე იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც უკრაინის კონტრშეტევას მოჰყვება.

„მთელი ამ კონფლიქტის განმავლობაში, ჩვენ არამხოლოდ უკრაინელებს, არამედ ასევე ევროპელებსაც ვაფასებთ. ისინი არ მერყეობენ, მაგრამ მათ ასევე უნდა გააგრძელონ ახალი სახსრების მოძიება, უკრაინის სამხედრო აღჭურვის გასაგრძელებლად. ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ჩნდება კითხვა - რეალურად, რამდენი დასჭირდება უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნებას“ - ამბობს ბერგმანი, რომელიც ახლა ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში, ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელია.

შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი

მიმომხილველთა ნაწილი ასევე ელის, რომ პრეზიდენტი ბაიდენი, ბრიტანეთისა და დანიის ლიდერებთან განიხილავს მათ ძალისხმევას, თურქეთზე ზეწოლის მიმართულებით, რომელიც ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას ბლოკავს.

ასევე ნახეთ: საქართველო და ნატოს ვილნიუსის სამიტი

რუსეთის უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრის შემდეგ, ისტორიულად ნეიტრალური შვედეთი და ფინეთი, ნატოში გაწევრიანებას ერთობლივად ცდილობდნენ. თავდაპირველად, თურქეთმა ალიანსში ორივე ქვეყნის გაწევრიანების საკითხი დაბლოკა. საბოლოოდ, ანკარა ნატოში ფინეთის გაწევრიანებას დათანხმდა, შვედეთთან დაკავშირებით კი წინააღმდეგობას აგრძელებს.

გასულ კვირას, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თურქეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ქვეყნის მესამე ვადით მართვას შეუდგა. ახლა, ექსპერტების მიერ, რთულად შეფასებული ერდოღანის წინასაარჩევნო კამპანია დასრულდა, თეთრი სახლის ოფიციალური პირები, ანკარის მიერ, შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობის შეწყვეტისადმი, ოპტიმისტურად არიან განწყობილი. საინფორმაციო სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“, თეთრი სახლის განწყობებთან დაკავშირებით ინფორმაციას ამერიკულ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, ანონიმურობის პირობის დაცვით ავრცელებს, რომელიც, სააგენტოს განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით, თეთრ სახლში მიმდინარე მსჯელობას კარგად იცნობს.

მანამდე, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ გასულ კვირას, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას, ნატოში შვედეთის გაწევრიანების საკითხი წამოჭრა. ლიდერებს შორის, ასევე საუბარი შედგა თურქეთის სურვილთან დაკავშირებით, აშშ-ისგან 40 ახალი „ეფ-16“ შეიძინოს. ვიდრე თურქეთი ნატოში შვედეთის გაწევრიანებას არ დათანხმდება, კონგრესმენების ნაწილი, ანკარისთვის ამერიკული მოიერიშეების მიყიდვას ეწინააღმდეგება.

ასევე ნახეთ: შვედეთში იმედოვნებენ, რომ ახალი ანტი-ტერორისტული კანონი ანკარას პოზიციას შეაცვლევინებს

ერდოღანთან საუბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას, ნატოში შვედეთის გაწევრიანებასთან მიმართებით თქვა - „ ეს მოხდება. გპირდებით.“

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა იმედი გამოთქვეს, რომ ვილნიუსის სამიტისთვის, შვედეთის წევრობის საკითხი გადაწყვეტილი იქნება.