შეერთებულმა შტატებმა მომცრო თვითმფრინავის ზებგერითი სისწრაფით გამოსადევნებლად, ჰაერში F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები აიყვანა. თვითმფრინავმა დედაქალაქ ვაშინგტონის გარშემო ფრენისთვის აკრძალული საჰაერო სივრცე დაარღვია, პილოტი კი კონტაქტზე არ გამოდიოდა.
ოფიციალური პირების ცნობით, კომპანია Cessna-ს მცირე ზომის თვითმფრინავი მოგვიანებით ვირჯინიის შტატის მთებში ჩამოვარდა. ვირჯინიის შტატის პოლიციამ განაცხადა, რომ ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილები ვერ იპოვეს.
საჰაერო სივრცის დამრღვევის დევნისას, ავიაგამანადგურებლებმა აშშ-ის დედაქალაქის თავზე ზებგერითი სიჩქარის ზღვრის მიღწევის გამო, გრგვინვა გამოიწვიეს. აფეთქების მსგავსმა ხმამ ვაშინგტონის მცხოვრებთა შორის შიში გამოიწვია.
საქმეში ჩახედულმა წყარომ თქვა, რომ მომცრო თვითმფრინავის ბორტზე ოთხი ადამიანი იყო. საერთოდ, მას 7-დან 12-მდე ადამიანის გადაყვანა შეუძლია.
ვირჯინიის შტატის პოლიციის ცნობით, მაშველებმა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მთა-გორიან მეჩხერად დასახლებულ ადგილს რამდენიმე საათში მიაღწიეს, მაგრამ ცოცხლად გადარჩენილი ვერავინ ნახეს.
ჩრდილოეთ ამერიკის ავიაკოსმოსური თავდაცვის სარდლობამ თავის განცხადებაში თქვა, რომ ვირჯინიაში, ჯორჯ ვაშინგტონის ეროვნულ ტყეში ჩამოვარდნამდე, აშშ-ის სამხედრო უწყებამ პილოტთან კომუნიკაციის დამყარება სცადა, მაგრამ ის კონტაქტზე არ გამოვიდა.
"როიტერს" სხვა წყარომ უთხრა, რომ როგორც ჩანდა, Cessna ავტოპილოტის რეჟიმში მიფრინავდა.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა ავიაგამანადგურებლებს არ გამოუწვევია.
უკონტაქტო პილოტის შემთხვევები უპრეცედენტო არ არის. ადრე ყოფილა შემთხვევები, როდესაც კაბინაში წნევის დაცემით, პილოტებს და მგზავრებს ჟანგბადის შიმშილის გამო გონება დაუკარგავთ და უკონტროლო ფრენის შემდეგ, თვითმფრინავი ჩამოვარდნილა.