რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გაითვალისწინებენ სომხეთის პოზიციას, რომ უკრაინასთან ომში სომხეთი რუსეთის მოკავშირე არაა.
„ვიღებთ მხედველობაში. ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული ნიუანსებია უკრაინის გარშემო კონფლიქტთან დაკავშირებით სომხეთის მიდგომაში, ჩვენ ამას ვითვალისწინებთ, ჩვენ მათზე ვიცით“, - უთხრა ჟურნალისტებს პესკოვმა.
ამასთან პესკოვმა დაამატა, რომ, რა თქმა უნდა, განაგრძობენ „სომხეთთან კონცეპტუალური სამოკავშირო ურთიერთობების განვითარებას“.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა CNN Prima NEWS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინასთან ომში სომხეთი რუსეთის მოკავშირე არ არის.
„ამის შესახებ არასოდეს თქმულა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩანს, რომ უკრაინასთან ომში ჩვენ რუსეთის მოკავშირეები არ ვართ და ჩვენი გრძნობები ამ ომთან, ამ კონფლიქტთან დაკავშირებით არის შფოთვა, რადგან ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ყველა ურთიერთობაზე“, - თქვა მან.
„დასავლეთში ამჩნევენ, რომ ჩვენ რუსეთის მოკავშირეები ვართ. ამას ამჩნევენ უფრო მეტად. რუსეთში კი ხედავენ, რომ უკრაინასთან ომში ჩვენ მათი მოკავშირეები არ ვართ. გამოდის, რომ ჩვენ ამ ვითარებაში არავისი მოკავშირეები არ ვართ. გამოდის, რომ მოწყვლადები ვართ. როგორც ჩანს, ყველა ამ შეჯახებას შორის ლავირების გზა არსებობს, მაგრამ ისიც მართალია, რომ რაც უფრო რთულდება სიტუაცია, მით უფრო ვიწროვდება მანევრირების შესაძლებლობა. ლავირებას ვახდენთ არა იმიტომ, რომ ჩვენ ვითარებაზე საკუთარი აზრი არ გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ბევრი საზრუნავი გვაქვს, რაც საშუალებას არ გვაძლევს, უფრო მეტად ჩავერთოთ სხვა პრობლემების გადაჭრაში“, - უპასუხა ფაშინიანმა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მიმართ სომხეთის პოზიციის შესახებ დასმულ შეკითხვას.