ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა მზადაა "ახალი სტარტის" პირობები 2026 წლამდე შეასრულოს, თუ რუსეთიც იგივეს იზამს


ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეზღუდვები, რომელსაც "ახალი სტარტის" (START) შეთანხმება ითვალისწინებს, ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, ანუ 2026 წლამდე გააგრძელოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთიც იმავე ნაბიჯს გადადგამს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს, შეიარაღების კონტროლის ასოციაციის შეხვედრაზე გააკეთებს.

სალივანი გეგმავს თქვას, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა განაახლოს მოსკოვთან მოლაპარაკებები ატომური იარაღის საფრთხეებთან დაკავშირებით, მათ შორის, "ახალ სტარტზე" ახალი შეთანხმების შესახებაც. ის ასევე აპირებს გაიმეოროს, რომ ამერიკა მზადაა რისკების შემცირების შესახებ დიალოგი აწარმოოს ჩინეთთან.

"როდესაც პოლიტიკური ურთიერთობები ძალიან დაბალ ნიშნულზეა, როდესაც დაძაბულობა ძალიან მაღალია, ჩვენთვის, იარაღის კონტროლი და ატომური რისკების შემცირება უმთავრესი პრიორიტეტია და ვფიქრობთ, რომ ახლა სწორედ ასეთ სიტუაციაში ვიმყოფებით",- უთხრა ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა სააგენტო "როიტერს". ოფიციალურმა პირმა საკუთარი ვინაობის საჯაროდ დასახელება არ ისურვა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს თქვა, რომ მოსკოვი აღარ აპირებდა "ახალი სტარტის" შეთანხმებაში მონაწილეობას. "ახალი სტარტი" უკანასკნელი შეთანხმება იყო, რომელიც ამერიკასა და რუსეთს შორის სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით არსებობდა.

პუტინმა მოითხოვა, რომ ვაშინგტონმა შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა ომში და იარაღის კონტროლის შეთანხმებაში საფრანგეთი და ბრიტანეთიც ჩართოს. ამერიკის მთავრობამ პუტინის გადაწყვეტილებას "უპასუხისმგებლო და არაკანონიერი" უწოდა.

XS
SM
MD
LG