ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა: რუსეთი ამტკიცებს, რომ დიდი იერიში მოიგერია, პროგოჟინი კი გაქცეულ რუსებზე საუბრობს


მოსკოვი ამტკიცებს, რომ დონეცკის რეგიონის სამხრეთში უკრაინის მნიშვნელოვანი იერიში მოიგერია, თუმცა დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფ "ვაგნერის" ლიდერი ამბობს, რომ რუსეთის ძალებმა ბახმუტსა და მის ჩრდილოეთით პოზიციები დაკარგეს.

კითხვაზე, იყო თუ არა ეს იერიში იმ კონტრიერიშის ნაწილი, რომელსაც მსოფლიო უკრაინისკან უკვე დიდი ხანია ელოდება, უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ამბობს, რომ "ომი გრძელდება სრულ გამარჯვებამდე."

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინამ კვირა დილით 6 მექანიზებული და ორი სატანკო ბატალიონით შეტევა სწორედ დონეცკის სამხრეთით განახორციელა, იქ, სადაც მოსკოვი დიდი ხანია იერიშს ელოდებოდა.

"ივნისის დილას მტერმა ფართომასშტაბიანი იერიში სამხრეთ დონეცკის მიმართულებით ფრონტის 5 სექტორზე განახორციელა", - განაცხადა რუსეთის ღავდაცვის სამინისტრომ "ტელეგრამში". მათი მტკიცებით, მოწინააღმდეგის მიზანი მათი თავდაცვის ხაზების გარღვევა იყო იქ, სადაც ისინი მიიჩნევდნენ, რომ ეს ყველაზე მეტივი იქნებოდა. თუმცა, ეს იერიში წარუმატებლად დასრულდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი ამბობს: "ჩვენ არ გვაქვს ამგვარი ინფორმაცია და ნებისმიერი ტიპის ყალბ ცნობებზე კომენტარს არ ვაკეთებთ".

რაც შეეხება ბახმუტს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ ჯარი "წინ მიიწევს". ამის თაობაზე უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური ოლექსანდრ სირსკი საუბრობს. გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია ცეცხლმოდებული რუსული პოზიციები. ევგენი პრიგოჟინი, "ვაგნერის" ლიდერი კი აცხადებს, რომ უკრაინელებმა ბახმუტის ჩრდილოეთით მდებარე დასახლება - ბერხივკა დაიბრუნეს, რაც მისი თქმით, "სირცხვილია".

ის ამტკიცებს, რომ მისმა მებრძოლებმა ბახმუტი სრულად ჩაიგდეს ხელში და მასზე კონტროლი რუსეთის ჯარს გადასცეს. უკრაინის გაერთიანებული შტაბის მეთაურები კი ამბობენ, რომ რუსეთი სიცრუის გავრცელებას ცდილობს, რათა მოსახლეობის და უკრაინის პარტნიორების დემორალიზება შეძლოს და უკრაინის კონტრშეტევის წარმატების თუ მისი მიმართულებების თაობაზე ეჭვი დათესოს.

რუსეთმა გაავრცელა ვიდეო, რომლის თანახმადაც მათი მტკიცებით, უკრაინის ჯავშანტექნიკა ფეთქდება. "როიტერის" ცნობით, ეს ვიდეო ვუგლედარის დასავლეთით, სოფელ ველიკა ნოვოსილსკასთან უნდა იყოს გადაღებული, მაგრამ უცნობია, როდის. რუსი ბლოგერები ამბობენ, რომ "მწვავე შეტაკებები გრძელდება". რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ 250 უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს და 16 ტანკი და 21 ჯავშანმანქანა გაანადგურეს, თუმცა დამოუკიდებლად ამგვარი ცნობების დადასტურება ჟურნალისტებს ადგილზე არ შეუძლიათ.

თვეების განმავლობაში მსოფლიო უკრაინის მხრიდან ძლიერ კონტრიერიშს ელოდება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ "უოლ სტრიტ ჯორნალთან" ინტერვიუში თქვა, რომ ეს კონტრიერიში უკრაინას წარმატებასთან ერთად, ძვირადაც დაუჯდება, რადგან ამას გარკვეული დრო დასჭირდება და მსხვერპლიც დიდი იქნება.

რუსეთმა მაისში საჰაერო იერიშები გაააქტიურა, განსაკუთრებით - კიევის მიმართულებით. ამავე დროს, დასავლელი პარტნიორები კიევის კონტრიერიშს ელიან. ანალიტიკოსების აზრით, მოლოდინი ძალიან დიდია და ამან შესაძლოა ერთგვარი გავლენაც მოახდინოს იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება პარტნიორების მიერ კიევის სამხედრო თუ ფინანსური მხარდაჭერა. ოფიციალური პირები და სამხედრო ლიდერები კიევში განსაკუთრებული სიფრთხილით და მოზომილად საუბრობენ შეტევის თაობაზე და ამბობენ, რომ არ სურთ მტერს ზედმეტი ინფორმაცია მიაწოდონ.

XS
SM
MD
LG