ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ უკრაინას დამატებით 300 მილიონის სამხედრო დახმარებას უგზავნის


შეერთებული შტატები უკრაინას კიდევ 300 მილიონი დოლარის ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცემს. ახალ პაკეტში, სარაკეტო თავდაცვის სისტემის "პატრიოტისთვის" საჭირო საბრძოლო მასალაც შევა. ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა „ამერიკის ხმას“ აცნობეს.

პაკეტი სავარაუდოდ ოთხშაბათს გამოქვეყნდება. ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც „ამერიკის ხმას“ ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, განაცხადეს, რომ უახლესი დახმარება უკრაინის მოსალოდნელი კონტრიერიშის წინ ასევე მოიცავს რაკეტებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემისთვის (HIMARS) და მეტ სატანკო საბრძოლო მასალას.

ოფიციალური პირების თქმით, უკრაინას მიაწვდიან Zuni-ის უმართავ საიერიშო რაკეტებს და AIM-7 რადარით მართვად ჰაერი-ჰაერი რაკეტებს, საჰაერო შესაძლებლობების გასაძლიერებლად. პაკეტში ასევე შედის Avenger-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და Stinger-ის სარაკეტო სისტემები.

დახმარების ეს პაკეტი იქნება საპრეზიდენტო უფლებამოსილებით, თავდაცვის დეპარტამენტის ინვენტარიდან უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის 39-ე გადაცემა.

ამის პარალელურად, ამერიკის ევროპული სარდლობის განცხადებით, 200 უკრაინელი ჯარისკაცი M1A1 Abrams ტანკებზე გერმანიაში წვრთნებს გადის. განცხადებაში ნათქვამია, რომ კიდევ 200 უკრაინელი ჯარისკაცი აგრძელებს მომზადებას ტანკების საწვავით მომარაგებისა და ტექნიკური მომსახურების კუთხით.

უკრაინელები ივარჯიშებენ "აბრამსის" იმ 31 ტანკზე, რომლებიც გერმანიაში ამ თვის დასაწყისში ჩავა. შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარატამენტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 31 M1A1 Abrams-ის ტანკების მეორე ნაკრები, შეერთებულ შტატებში ახლა საჭირო შეკეთება/მომზადების პროცესშია და უკრაინას შემოდგომისთვის მიეწოდება.

სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, გერმანიაში სწავლება, რომელიც 26 მაისს დაიწყო, დაახლოებით 10 კვირას გაგრძელდება. "აბრამსის" ტანკები, განსაკუთრებით დიდი დანამატი იქნება უკრაინის შეიარაღებისთვის. ტანკის სქელი ჯავშანი და 1500 ცხენის ძალის მქონე ძრავა მას ბევრად უფრო დაწინაურებულს და ეფექტურს ხდის, ვიდრე - საბჭოთა პერიოდის ტანკები, რომლებსაც უკრაინა ომის დაწყებიდან იყენებს.

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 37 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწია.

კიევი ემზადება მასშტაბური კონტრშეტევისთვის, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს დღეებსა თუ კვირებში დაიწყება. სამხედრო მაღალჩინოსანმა, რომელმაც უსაფრთხოების საკითხების განსახილველად, ანონიმურობის პირობით ისაუბრა „ამერიკის ხმასთან“, თქვა, რომ უკრაინის კონტრშეტევა შესაძლოა არ იყოს ისეთი დრამატული, როგორც ზოგი მოელის და მსოფლიოში არსებული წარმოდგენა თუ მოლოდინი ძალიან მაღალია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG