"ეს არის კორუფციული პროცესი" - კონსორციუმი ღარიბაშვილის პასუხობს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასაწყისი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს. ირაკლი ღარიბაშვილმა, 12 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება და ქვეყანას 51%-ით, საკონტროლო პაკეტი ექნება.

კონსორციუმი, პრემიერის საპსახუოდ აცხადებს, რომ მან ანაკლიის პროექტსა და მის წარსულ ისტორიაზე, მცდარი განცხადებები გააკეთა, მის მიერ წარმოდგენილი სამომავლო გეგმა კი „აბსურდულია“.

ასევე ნახეთ: ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ანაკლიის პორტის" 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება

„გვინდა პრემიერ-მინისტრს შევახსენოთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავა ჟენევის საერთაშორისო სავაჭრო პალატაში. მას მოუწევს პასუხისგება 12 დეკემბერს გაკეთებულ ყველა ცრუ განცხადებაზე“ - ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.

კონსორციუმი პრემიერ-მინისტრის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს და წარმოდგენილ გეგმას, რამდენიმე პუნქტად პასუხობს. მათ შორის, ADC-ის მიაჩნია, რომ არარეალისტურია სახელმწიფომ მოძებნოს სერიოზული კერძო ინვესტორი მაშინ, როცა 51%-იანი საკონტროლო ინტერესის აღებას თავად გეგმავს. ამასთან, კონსორციუმი ფიქრობს, რომ მთავრობის მეთაურის მიერ წარმოდგენილი გეგმა, კორუფციის რისკებს შეიცავს.

„ეს არის კორუფციული და მოტყუებული პრივატიზაციისა და კონცესიის პროცესი, რომელიც სცადეს საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში 1990-იან წლებში. მაშინ ეს ვერ მოხერხდა კორუფციის რისკის გამო და იგივე იქნება ახლაც. უფრო მეტიც, არც ერთი სერიოზული ინვესტორი და არც ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი არ მიიღებს მონაწილეობას და არ გასცემს სესხს მსგავს მსხვილ პროექტში, თუ მას უმრავლესობით აკონტროლებს სახელმწიფო, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სახელმწიფოს, როგორც პარტნიორის, არაერთ ბიზნეს საქმეში დემონსტრირებულ არასანდოობას“ - ნათქვამია განცხადებაში.

ADC -ის განცხადებით, ნათელია, რომ მთავრობამ ვერ შეძლო სათანადო ინვესტორის, ან პორტის ოპერატორის მოძიება, „რომელსაც სურს განახორციელოს ეს პროექტი მიმდინარე საარბიტრაჟო დავის ფონზე და პოლიტიზებული ქართული სასამართლო სისტემის პირობებში, რომლის რეფორმირებაც მთავრობამ ვერ შეძლო.“

ასევე ნახეთ: ანაკლიის პორტი - ურთიერთბრალდებები ხელისუფლებასა და კონსორციუმს შორის

გარდა ამისა, პრემიერ მინისტრის საპასუხოდ, კონსორციუმი აცხადებს, რომ პორტის მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციები, საქართველოს ეკონომიკისა და მსგრადი განვითარების სამინისტროს აუდიტმა დაადასტურა და ის $75 მილიონზე მეტს შეადგენს, „საიდანაც $40 მილიონი იყო ხაზარაძის და ჯაფარიძის მიერ ინვესტირებული და არა $3 მილიონი, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.“

რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა?

პრემიერმა ანაკლიასთან დაკავშირებით თქვა, რომ პორტში სახელმწიფოს საკონტროლო პაკეტი 51%-იანი წილი ექნება. მანამდე, მთავრობამ კონკურსის საფუძველზე პარტნიორები უნდა შეარჩიოს.

"ვამზადებთ ახალ ტენდერს, კონკურსს, მაგრამ მთავარი მინდა გაცნობოთ. ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორებს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Your browser doesn’t support HTML5

"საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რეგიონში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, მაგრამ მთავრობა ამას ნამდვილად არ იყენებს" - კოფი

ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, ასევე ისაუბრა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე“, ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. ღარიბაშვილის თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძემ, პროექტში მხოლოდ 3 მილინი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს, ინვესტორებისგან კი $20-25 მილიონი ჰქონდათ მოზიდული.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აცხადებს, რომ პროექტში $75 მილიონის ინვესტიცია აქვს ჩადებული და წილის მფლობელთან ერთად, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში დაობს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ მათ „ქვეყნის გაძარცვა“ გადაწყვიტეს.

"მას შემდეგ, რაც 4-5 წლის შემდეგ ჩააგდეს ეს პროექტი და ვერ განახორციელეს, გადაწყვიტეს, რომ გაძარცვონ ჩვენი ქვეყანა. უჩივლეს და არბიტრაჟში წაიღეს საქმე და დღეს ედავებიან 1,5 მილიარდ დოლარს. წარმოგიდგენიათ, რა ხდება?!“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული. მტვრის ბუდედ გადააქციეს ეს ადგილი. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება“.

ჯაფარიძის პასუხი პრემიერს

პრემიერის „ქოსატუილასაც კი შეშურდებოდა“ - ამბობს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე. ჯაფარიძემ პრემიერის საპასუხო განცხადება, პარტია „ლელოს“ ოფისში გააკეთა და თქვა, რომ ღარიბაშვილმა მიზანმიმართულად იცრუა.

"დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს მატყუარა და ცილისმწამებელი ხელისუფლება, ეს უკვე დადასტურებული ფაქტია... მისი შეშურდებოდა ქართული ზღაპრების გმირს, ქოსატყუილასაც კი... ის, რომ დღეს ანაკლიაში მაცხოვრებლებს მართლაც დიდი პრობლემა აქვთ იმის გამო, რომ არის გაპარტახებული და სრული განუკითხაობა, არის "ქართული ოცნების" პირდაპირი მიზეზით, მათი დანაშაულებრივი მოქმედებით. მათ ინვესტორს ჩამოართვეს 75 მილიონი დოლარი. ასეთი რამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ისტორიაში არ ყოფილა" - განაცხადა ჯაფარიძემ.

Your browser doesn’t support HTML5

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა, ანაკლიის პორტის აშენების მნიშვნელობა მკვეთრად გაზარდა" - ჯონასი

მისი თქმით, კონსორციუმს პორტის მშენებლობაში 75 მილიონი დოლარი ჰქონდა ინვესტირებული, აქედან კი 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია თავად ჯაფარიძემ და ხაზარაძემ ჩადეს.

„ანაკლიის განვიტარების კონსორციუმი აცხადებს, - „ჩვენი სურვილია, ვიხილოთ ანაკლიის პორტის განვითარება - უბრალოდ და მარტივად. მთავრობის ამ უახლეს სქემას წარმატების შანსი არ აქვს და ვფიქრობთ, მთავრობამ ეს იცის. ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ჩერდება და სურს სხვას დააბრალოს თავისი წარუმატებლობა.“