მას შემდეგ, რაც ავსტრიული ბანკის „რაიფეისენის“ საქმიანობის შესწავლა ამერიკის სპეციალურმა ორგანოებმა დაიწყეს და მის რუსულ კავშირებზე ბევრი სტატია დაიწერა, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ რუსეთი ევროპისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება და „სხვაგვარად ფიქრი ბოდვაა“.
ალექსანდრ შალენბერგი ამბობს, რომ „არაგონივრულია“ ავსტრიული ბანკის საქმიანობის შესწავლა იმ ნიშნით, რომ ის რუსეთში ბიზნესს აკეთებს, მაშინ როცა სხვა კომაპნიებიც ანალოგიურად საქმიანობდნენ.
„იფიქრო, რომ რუსეთი აღარ იქნება და ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ ყველა სფეროში, ბოდვაა,“- ამბობს შალენბერგი და ამატებს, რომ 2022 წლის თებერვლის შემდეგ ავსტრია რუსეთთან კავშირებს ამსუბუქებს, თუმცა „ეს ერთ ღამეში არ შეიძლება მოხდეს“.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ბანკი „რაიფეისენი“ რუსეთის ცენტრალურ ბანკთან აქტიურად თანამშრომლობს, რომელიც თავის მხრივ ცდილობს ებრძოლოს დასავლეთის მიერ დაწესებულ ფართო ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. ფაქტების გამჟღავნების შემდეგ, კი ბანკის ქმედებები ინვესტორებმაც გააკრიტიკეს. ავსტრიული ბანკი ამ დრომდე დასანქცირებული არ არის, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა მისი დასანქცირება მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ავსტრიამ საკუთარი როლი ერთგვარ ხიდად განსაზღვრა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. დედაქალაქი ვენა კი ანალიტიკოსების შეფასებით, რუსული ფულის „მაგნიტად“ იქცა, წერს სააგენტო „როიტერი“.
აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში ავსტრია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა. ვენის მიზანია უახლოეს წლებში შემცირდეს ქვეყანაში რუსული გაზის იმპორტიც. თუმცა ამ დრომდე ავსტრიაში რუსული გაზის იმპორტი ხდება.
სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ავსტრიელი ოფოციალური პირების ნაწილი იმედს გამოთქვამს, რომ ომი სწრაფად დასრულდება და ნორმალური ურთიერთობები აღდგება.
„დოსტოევსკი და ჩაიკოვსკი რჩებიან ევროპული კულტურის ნაწილად, მოგვწონს ეს თუ - არა. ის [რუსეთი] კვლავ იქნება ჩვენი უდიდესი მეზობელი და დარჩება სიდიდით მეორე ბირთვული ძალა მსოფლიოში,“- ამბობს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი შალენბერგი.
Facebook Forum