ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში სის ვიზიტი დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ პარტნიორები?


სამდღიანი ვიზიტის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა რუსეთი დატოვა. მოსკოვში სი ძინპინის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მან და ვლადიმირ პუტინმა, პეკინსა და მოსკოვს შორის „სტრატეგიული თანამშრომლობის“ შესახებ, დოკუმენტების მთელ რიგს მოაწერეს ხელი.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო, მოსკოვის გაღრმავებული საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, ეს იყო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სი ძინპინის პირველი ვიზიტი მოსკოვში.

პუტინმა კრემლში გამართული მოლაპარაკებები, „წარმატებულად და კონსტრუქციულად“ შეაფასა. სის თქმით, ავტორიტარი ლიდერების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთს, კავშირები თანამშრომლობის „ახალ ეპოქაში“ გადაჰყავს.

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ განცხადებას სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი კავშირების გაღრმავების შესახებ, რომლებიც ახალ ეპოქაში შედის“ - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა 21 მარტს, პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც მიზნად „ულიმიტო“ პარტნიორობის განმტკიცებას ისახავდა. ორმა ლიდერმა, „ულიმიტო“ პარტნიორობის შესახებ, 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრამდე და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, რამდენიმე კვირით ადრე გამოაცხადა.

უკრაინის ომთან დაკავშირებით, სიმ თქვა, რომ პეკინი კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტას უჭერს მხარს.

„ჩვენ ვხელმძღვანელობთ გაეროს პრინციპებით... და ხელს ვუწყობთ უკრაინაში ბრძოლის მშვიდობიან მოგვარებას. ჩვენ ყოველთვის მშვიდობის და დიალოგის მომხრე ვართ“ - განაცხადა სიმ და კიდევ ერთხელ გაიმეორა, ჩინეთის „ნეიტრალური პოზიცია“ უკრაინის მიმართ.

დასავლეთის ქვეყნები უარყოფს, ჩინეთის სამშვიდობო წინადადებას, 12 პუნქტიან დოკუმენტს, რადგან მიაჩნიათ, რომ ის მოსკოვის ინტერესების გამოძახილია.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ უარყო სის შუამავლობა და განაცხადა, რომ ჩინეთს ომთან დაკავშირებით მიუკერძოებელი პოზიცია არ აქვს.

კირბიმ, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟუნრალისტებთან საუბრისას ასევე თქვა, რომ მოსკოვში გამართული შეხვედრიდან არაფერი მიათითებს იმაზე, რომ ომი მალე დასრულდება. მისი თქმით, შეხვედრებიდან ცხადად გამოჩნდა, რომ პუტინი ჩინეთისგან ლეტალური იარაღის მიწოდებას იმედოვნებს.

„ბატონი პუტინის ქმედებებში შეგიძლიათ დაინახოთ, რომ მას რესურსებთან დაკავშირებული სირთულეები აქვს“ და მის გადალახვას ცდილობს, თქვა კირბიმ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ახლა შეერთებული შტატების ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არ ემხრობა ისაა, რომ ეს ვლადიმირ პუტინის, რესურსების დეფიციტის შესავსებად, დროს მისცემდა.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალური იარაღის მიწოდებაზე დაეთანხმა. დასავლეთი პეკინს აფრთხილებს, რომ ამგვარი იარაღის მიწოდების შემთხვევაში, საპასუხოდ მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს მიიღებს.

ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის მიერ გამართული შეხვედრების შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობები, „არ შეადგენს ბლოკს, არ არის კონფრონტაციული ხასიათის და არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ.“

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG