ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა პეკინის სამშვიდობო გეგმა განიხილეს 


ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დასრულების გზებს განიხილავენ - ამის შესახებ კრემლმა სამშაბათს განაცხადა. ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება და სამშაბათი ოფიციალური შეხვედრების პირველი დღე იყო.

სი ძინპინი პირველი მსოფლიო ლიდერია, ვისაც ვლადიმირ პუტინი მას შემდეგ შეხვდა, რაც ჰააგის სასამართლომ, ომის დანაშაულების გამო, რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა.

სი ძინპინის ვიზიტს კრიტიკულად უკვე გამოეხმაურა ვაშინგტონიც. ამერიკის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეს "დიპლომატიური საფარველია" პუტინისა და მისი ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის.

მაშინ, როცა ჩინეთი ცდილობს უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში მშვიდობისმყოფელის როლი ითამაშოს, ექსპერტებისთვის აშკარაა, რომ მოსკოვისა დს პეკინის ურთიერთობები ახლა ძალიან მჭიდროა და დასავლეთისთვის დამატებით გამოწვევებს ქმნის.

რუსული მედიის ცნობით, ორშაბათს ორი ქვეყნის ლიდერს ოფიციალური ვახშამი ჰქონდა და ერთმანეთს "ძვირფას მეგობრებად" მოიხსენიებდნენ. რაც შეეხება უკრაინული მხარის პოზიციებს, როგორც ირკვევა, სი ძინპინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ამ შეხვედრის შემდეგ, მხოლოდ ტელეფონით აპირებს სუაბარსს.

ამ ვიზიტის პარალელურად, იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კისიდა კიევში ჩავიდა და უკრაინის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთი საჰაერო იერიშებს ააქტიურებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ ფართო ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმები გრძელდება. ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყირიმში, ჯანკოიში - რუსეთის მიერ ოკუპირებული ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მომხდარმა აფეთქებამ, რუსეთის ფრთოსანი რაკეტები გაანადგურა. ისინი სავარაუდოდ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უნდა გამოეყენებინა.

კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პუტინმა და სიმ ჩინეთის სამშვიდობო შეთანხმებაზე სიღრმისეულად იმსჯელეს, თუმცა სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. პეკინის 12-პუნქტიანი გეგმა, არ მოიცავს ომის დასრულების გზებს და მას დასავლეთი ერთხმად აკრიტიკებს. დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ვლადიმირ პუტინისთვის დროის მოგებას ემსახურება.

XS
SM
MD
LG