ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სი ძინპინი მოსკოვშია და "მეგობარს" ხვდება


ვლადიმირ პუტინის და სი ძინპინის შეხვედრა. მოსკოვი, რუსეთი. 20 მარტი, 2023 წ.
ვლადიმირ პუტინის და სი ძინპინის შეხვედრა. მოსკოვი, რუსეთი. 20 მარტი, 2023 წ.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ორშაბათს მოსკოვში ჩავიდა. სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ლიდერები უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომისა და ჩინეთის სამშვიდობო შეთავაზების შესახებ ისაუბრებენ. ვიზიტის მიზნებს შორის დასავლეთთან დაპირისპირების ფონზე, მათ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაც არის.

სი ძინპინი პირველი ლიდერია, რომელიც ვლადიმირ პუტინს მას შემდეგ შეხვდა, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ის ომის დანაშაულებში, კონკრეტულად კი უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში დაადანაშაულა. მოსკოვი ამ ბრალდებებს დასავლეთის "მტრული ნაბიჯების" ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ჰააგის მოსამართლეების წინააღმდეგ თავად ხსნის საქმეს. პეკინი კი ამბობს, რომ პუტინის დაკავების ორდერი "ორმაგ სტანდარტებს" ეფუძნება.

ეს თავად სი ძინპინისთვისაც პირველი საერთაშორისო ვიზიტია მას შემდეგ, რაც ამ თვეში მანდატი უპრეცედენტო, მესამე ვადით მოიპოვა. ლიდერები ერთმანეთს კრემლში ვახშმამდე შეხვდნენ და ერთმანეთს მეგობრები უწოდეს. ოფიციალური შეხვედრები სამშაბათს არის დაგეგმილი.

გასულ თვეში, ჩინეთმა 12-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რომელიც პეკინის შეფასებით, ომის დასასრულებლად იყო საჭირო.

აშშ, ჩინეთი, უკრაინა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:53 0:00

უმაღლესი დონის ვიზიტს, ორივე ქვეყანაში წინ უძღოდა პრეზიდენტების მიერ მედიაში გამოქვეყნებული წერილები. ორშაბათს, რუსეთის სამთავრობო გამოცემა "როსიისკაია გაზეტაში" სი ძინპინი წერს, რომ ჩინეთის ეს შეთავაზება გულისხმობს მსოფლიო საზოგადოებების იმდენად საერთო შეხედულებას, რამდენადაც კი ეს მაქსიმალურად შესაძლებელია.

"ეს დოკუმენტი არის კონსტრუქციული ფაქტორი იმისათვის, რომ მოხდეს კრიზისის შედეგების განეიტრალება და პოლიტიკური გადაწყვეტის წახალისება. კომპლექსურ პრობლემებიდან არ არსებობს მარტივი გამოსავალი", - ამბობს ჩინეთის პრეზიდენტი.

რაც შეეხება ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გამოცემაში გამოქვეყნებულ რუსეთის პრეზიდენტის წერილს, ვლადიმირ პუტინი ამბობს: "ჩვენ მადლიერნი ვართ ჩინეთის დაბალანსებული პოზიციის იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც უკრაინაში ხდება, და იმ საფუძვლად დადებული საკითხებისა და ნამდვილი გამომწვევი მიზეზების გაგებისთვის".

პუტინმა ორშაბათს თქვა, რომ პეკინის შეთავაზებას "უკრაინის კონფლიქტის" გადაწყვეტასთან დაკავშირებით, პატივისცემით ეკიდება და ბოლო ათწლეულების განმავლობაში, თავად ჩინეთის სწრაფი განვითარების "ოდნავ შურს" კიდეც.

"ჩინეთმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების და სახელმწიფოს გაძლიერების ძალიან ეფექტიანი სისტემა შექმნა. ის ბევრ სხვა ქვეყანაზე უფრო ეფექტიანია", - თქვა მან.

რამდენჯერმე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ პეკინი მოსკოვისთვის იარაღის მიწოდებას აპირებს. ჩინეთი ამ ბრალდებებს გამუდმებით ურყოფს, მაგრამ ამბობს, რომ მას უფრო მჭიდრო პარტნიორობა სურს რუსეთთან ენერგეტიკის მიმართულებით. პეკინი რუსეთიდან ქვანახშირის, გაზისა და ნავთობის იმპორტს ზრდის.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩინელ კოლეგასთან საუბარს სწორედ ამ უკანასკნელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ აპირებს.

XS
SM
MD
LG