სი ძინპინმა და ვლადიმირ პუტინმა, „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტიორობის გაღრმავების“ შესახებ, ერთობილვ განცხადებას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, ორივე მხარე მიიჩნევს, რომ დაცული უნდა იყოს გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები, ასევე საერთაშორისო სამართალი“ - ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტრო აცხადებს, რომ რუსული მხარე დადებითად საუბრობს უკრაინასთან დაკავშირებით, „ჩინეთის ობიექტურ და მიუკერძოებულ პოზიციაზე“.
ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთი მიესალმება სამშვიდობო მოლაპარაკებების „რაც შეიძლება სწრაფად“ განახლებას.
„ორივე მხარე ეწინააღმდეგება ნებისმიერი ქვეყნის, ან ქვეყნების ჯგუფის პრაქტიკას, რომელიც სხვა ქვეყნების ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესების საზიანოდ, სამხედრო, პოლიტიკური და სხვა უპირატესობების მოპოვებას ცდილობს. რუსული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას, სამშვიდობო მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად განახლების თაობაზე, რასაც ჩინეთი აფასებს“ - ნათქვამია განცხადებაში.
პეკინის განცხადებით, „რუსული მხარე მიესალმება ჩინეთის მზადყოფნას ითამაშოს პოზიტიური როლი უკრაინის კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარებისთვის და მიესალმება კონსტრუქციულ წინადადებებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია ჩინეთის პოზიციაში, უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების შესახებ.“
მხარეები აღნიშნავენ, რომ "უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად, დაცული უნდა იყოს ყველა ქვეყნის ლეგიტიმური უსაფრთხოების საზრუნავი, თავიდან იქნას აცილებული ბლოკის დაპირისპირება და თავიდან იქნას აცილებული ცეცხლის გაღვივება.”
პეკინი და მოსკოვი მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად, საერთაშორისო საზოგადოებამ, „შესაბამისი კონსტრუქციული ძალისხმევა“ უნდა უზრუნველყოს.
„ორივე მხარე მოუწოდებს შეწყდეს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იწვევს დაძაბულობას და ბრძოლის გაჭიანურებას, რათა თავიდან იქნას აცილებული კრიზისის გაუარესება ან კონტროლიდან გასვლა. ორივე მხარე ეწინააღმდეგება ნებისმიერ ცალმხრივ სანქციებს, რომლებიც არ არის ავტორიზებული გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ“ - ნათქვამია განცხადებაში.
ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება და სამშაბათი ოფიციალური შეხვედრების პირველი დღე იყო.
სი ძინპინის ვიზიტს კრიტიკულად უკვე გამოეხმაურა ვაშინგტონი. ამერიკის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეს "დიპლომატიური საფარველია" პუტინისა და მისი ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უკრაინაში გაეროს წესდების დაცვა და საერთაშორისო კანონმდებლობის აღსრულება ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს.
"გაეროს წესდებაში ჩადებულია ქვეყნების სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა ყველა ქვეყნის მხრიდან, მათ შორის - უკრაინაში. და თუ ჩინეთს სურს, რომ კონსტრუქციული როლი ითამაშოს ამ კონფლიქტში, მაშინ მან რუსეთს უნდა მოსთხოვოს, უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან მისი ძალები გაიყვანოს... ეს ომი დღესვე შეიძლება დასრულდეს, თუკი რუსეთი თავისი ძალების უკრაინიდან გაყვანას გადაწყვეტს" - განაცხადა ვედანტ პატელმა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე რუსეთის განმეორებით, არაპროვოცირებულ და უკანონო შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, ჩინეთმა განცხადება რუსეთთან "ულიმიტო" ალიანსის თაობაზე გააკეთა. მას შემდეგ პეკინი თავს იკავებს რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის და უკრაინაში ჩადენილი მასობრივი ძალადობის დაგმობისგან.
პეკინმა მიმდინარე წლის 27 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის გადაწყვეტას დიალოგის გზით ემხრობა. განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ვაშინგტონმა ჩინეთი გააფრთხილა, არ მიაწოდოს ლეტალური იარაღი მის მოკავშირე რუსეთს, რადგან მოსკოვი მას უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენებს.
პეკინმა გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ჩინეთის ლიდერების აზრით, ორივე მხრიდან საომარი ქმედებების შეწყვეტის და რეგიონში თანდათანობითი დეესკალაციის საწინდარი გახდება. კიევმა გეგმის რამდენიმე პუნქტს უპასუხა და თქვა, რომ მსგავს რეზოლუციას პერსპექტივა არ აქვს, რადგან უკრაინაში მშვიდობა ვერ იქნება მანამ, სანამ რუსეთი თავის ძალებს ქვეყნიდან არ გაიყვანს.