რუსეთი გეგმავს, აპრილის დასაწყისში, გაეროს უშიშროების საბჭოს არფორმალური სხდომა მოიწვიოს და რუსეთში დეპორტირებული უკრაინელი ბავშვებთან დაკავშირებით, "რეალური სიტუაციის" შესახებ ისაუბროს.
ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ორდერი ეფუძნება "უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე, მის შესაძლო პასუხისმგებლობას". კერძოდ კი, უკრაინიდან "მოსახლეობის, [ბავშვების] უკანონო დეპორტაციაზე". საუბარია რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ქალაქებიდან ასობით ბავშვის რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანაზე.
გაეროში რუსეთის ელჩმა, ვასილ ნებენზიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი ამ სხდომის მოწვევას პუტინის დაკავების ორდერის გაცემამდე დიდი ხნით ადრე გეგმავდა.
საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმნენ უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ უკრიანული მხარე გაცილებით უფრო მასშტაბურ და სხვადასხვა სახის ომის დანაშაულებებზე აწარმოებს გამოძიებას, ისინი ამბობენ, რომ ეს ომის დამნაშავეების დასასჯელად გადადგმული პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
რუსეთში კი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა და თქვა, რომ მათ ეს გადაწყვეტილება "არ აინტერესებთ". კანონმდებლობით, მსოფლიოს 123 ქვეყანა ვალდებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ, მათი საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში პუტინი დააკავონ და ის ჰააგის სასამართლოს გადასცენ.
უკრაინის მთავრობა ამტკიცებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, 16,221 უკრაინელი ბავშვი იძულებით გადაიყვანეს რუსეთში. თუმცა, რუსეთის ელჩი გაეროში უკრაინელი ბავშვების საკითხს "აბსოლუტურად გაზვიადებულს" უწოდებს და ამბობს, რომ ამ საქმის დეტალებს კრემლი, სწორედ გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალურ სხდომაზე განიხილავს.