სლოკავეთი რომელმაც უკრაინაში „მიგ 29“-ები გაგზავნა და ომში მყოფ ქვეყანას დახმარება გაუწია, თავად ამერიკის შეერთებული შტატებისგან 12 ახალ Bell AH-1Z Viper-ის ტიპის ვერტმფრენებს მიიღებს.
შეთავაზება, რომელიც ვაშინგტონმა გააკეთა ითვალისწინებს, რომ სამხედრო ვერტმფრენებს ბრატისლავა მესამედ ფასად შეიძენს. დანარჩენი თანხა კი ამერიკის საგარეო სამხედრო ფონდიდან დაიფარება. 12 ვერტმფრენის სრული ღირებულება 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს, თუმცა სლოვაკეთს მის შესაძენად მხოლოდ 340 მილიონი დოლარი სჭირდება, რომელიც 3 წელიწადში უნდა დაფაროს.
„ეს შემოთავაზება ძალიან მომგებიანია და მნიშვნელოვნად გაზრდის სლოვაკეთის თავდაცვის პოტენციალს,“- ამბობს სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი იაროსლავ ნადი.
თუ შეთანხმება შედგება, სლოვაკი სამხედროები გაივლიან გადამზადების კურსებს და მიიღებენ 500-ზე მეტ AMG-114 Hellfire II ტიპის რაკეტებსაც.
სლოვაკეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა და მას ამჟამად არ ჰყავს სამხედრო თვითმფრინავები. გასულ ზაფხულს ქვეყანამ „მიგ 29“-ები ხმარებიდან ამოიღო და ქვეყანა საჰაერო მხარდაჭერას მეზობელი ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის მხრიდან იღებდა.
სლოვაკეთი პოლონეთის შემდეგ პირველი სახემწიფოა, რომელმაც უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები გადასცა. ეს რუსული წარმოების საფრენი საშუალებებია, რომელიც რეგიონში სულ რამდენიმე ქვეყანას ჰყავდა. სლოვაკეთი მის ჩანაცვლებას ეფ 16-ებით ცდილობს, თუმცა მიწოდების ვადები სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე შეიცვალა. უკრაინაში სლოვაკეთიდან ჩავა „კუბის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემაც.
გარდა ამერიკული დახმარებისა, სლოვაკეთი დახმარებას მიიღებს ევროკავშირისგან 250 მილიონი ევროს ფარგლებში.
Facebook Forum