მაშინ, როდესაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მმართველი პარტია ზეიმობს, ოპოზიცია კი, ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად, არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებს, მიმდინარე მოვლენებზე შეფასებებს აკეთებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
სამშაბათს, 29 ოქტომბერს, განცხადება გაავრცელა ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა",- ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოში, 2024 წლის 26 სექტემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს და მოუწოდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას დაიწყოს დიალოგი პოლიტიკურ ძალებთან. აქვე, ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ე.წ. "უცხოეთის აგენტების" კანონი.
პრეზიდენტამდე, განცხადებები უკვე გააკეთეს, როგორც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ისე სახელწმიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ამერიკის “ჰელსინკის კომისიამ” და ამერიკელმა სენატორებმა.
ყველა მათგანი, საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე საუბრობს და ისმის მოწოდებები საქართველოს მთავრობისადმი,გამოიძიონ არსებული საქმეები.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განცხადებაში ისიც თქვა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნების შედეგები არ გამოუცხადებიათ, როგორც სამართლიანიდა თავისუფალი.
ბლინკენის განცხადება, მოგვიანებით გააკრიტიკა ამერიკის “ჰელსინკის კომისიის” თვამჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა. მისი თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საკმარისად მკაცრი არ იყო.
„სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია აკანონებს „ქართული ოცნების" მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ხელისუფლების ავტორიტარულად ხელში ჩაგდებას”, - დაწერა, 29 ოქტომბერს, უილსონმა სოციალური მედიის პლატფორმა "X"-ზე.
საპარლამენტო არჩევნებში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ ამერიკის საექსპერტო წრეებშიც. “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში, “ატლანტიკური საბჭოს” ევრაზიის პროგრამების დირექტორი და ყოფილი დიპლომატი, ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ შეშფოთებულია იმ საარჩევნო დარღვევებით, რაც დამკვირვებლებმა დააფიქსირეს.
“ფაქტია, რომ არჩევნები გაყალბებულია. მაგრამ ახლა მთავარი კითხვაა, არის თუ არა ის იმ დონეზე გაყალბებული, რომ შედეგები გაუქმდეს და არცევნები თავიდან ჩატარდეს. ამ ეტაპზე, პასუხი ამ კითხვაზე არ მაქვს. გაოგნებული ვარ იმით, რომ როგორც ეუთო/ოდირის, ისე “ენ-დი-აისა” და “აი-არ-აის” ანაგრიშებმა, არჩევნებთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა წარმოაჩა . ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ამ არჩევნებს არალეგიტიმური უწოდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო დარღვევების მონაცემები ის, რაც ქართულმა ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, “აი-არ-აიმ", “ენ-დი-აიმ”, ეუთო/ოდირმა შეაგროვეს. ნათელია, რომ კრიზისის წინაშე ვართ”,- ამბობს ჰერბსტი.
თუმცა, ექსპერტები პრობლემას მხოლოდ უშუალოდ არჩევნების დღე განმავლობაში განვითარებულ პროცესებში არ ხედავენ. ისინი ამბობენ, რომ მთელი წინსაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა ისე, რომ არჩევნებისადმი ნდობა, უკვე წინაასარჩევნო პროცესში იყო დაკარგული.
ლორა თორნტონი, მაკკეინის ინსტიტუტის მკვლევარი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და “ენ-დი-აის” დირექტორი იყო, სწორედ ამ წინასაარჩევნო დარღვევებს უსვამს ხაზს.
“მთელი წინასაარჩევნო კამპანია ეყრდონობდა შიშს და ზეწოლას, რასაც მხარს უბამდა რუსული პროპაგანდა. ასე რომ, საარჩევნო უბნების გახსნამდეც კი, [საარჩევნო] პროცესთან დაკავშირებით ძალიან დიდი ეჭვი მქონდა . შემდეგ ვნახეთ ანგარიშები არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ რადიკალური იყო. ხმების ჩაყრა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, ზეწოლა, ხალხის მობილიზება საარჩევნო უბნებთან, ძალადობის შემთხვევები, ხმის მრავალჯერადად მიცემა და ა.შ. ეს ძალიან შემაშფოთებელია”,- გვეუბნება თორნტონი.
ექსპერტი ასევე განსაკუთრებულად გამოყოფს ეგზითპოლების, წინასაარჩევნო შედეგებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ოფიციალურად გამოცხადებულ მოანცემებს შორის სხვაობას. ბრალდებას, რასაც ქართული ოპოზიციაც ხშირად იმეორებს.
“ძალიან დიდი სხვაობა ვნახეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებსა და ეგზითპოლებს შორის, რომელიც სამმა სხვადასხვა სანდო ორგანიზაციამ ჩაატარა. 10-პუნქტიანი განსხვავება ვნახეთ და ეს 10 პუნქტია, რაც წყვეტს, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას. ასე რომ, ესეც ძალიან შემაშფოთებელია”,- გვეუბნება თორნტონი.
ჯორჯ ბუშ უმცროსის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერიც ამ მონაცემებს შორის შეუსაბამობაზე საუბრობს.
“ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა ის, არის თუ არა ეს არჩევნები ლეგიტიმური. ვფიქრობ, სამართლიანია ვთქვათ, რომ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები ჩნდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა კი მაინც ისაა, როგორ მოახერხა "ქართულმა ოცნებამ", 30-40%-იდან, 53%-მდე ასულიყო”, - ამბობს კრამერი.
საქართველოს მთავრობისთვის არჩევნებში გამარჯვება ჯერ არ მიულოცია არცერთ დასავლურ ქვეყანას, გარდა უნგრეთისა. ოფიციალურმა თბილისმა მილოცვები მიიღო თურქეთისგან, აზერბაიჯანისგან, სომხეთისა და ვენესუელასგან. მილოცვები და არჩევნების პროცესის უნაკლობაზე საუბარი არ დაიშურეს რუსეთშიც. რუსმა პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა, რამდენიმე განცხადება გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და თქვა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართველმა ხალხა გაიმარჯვა. მეტიც, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა და მისი გადაყენების ან დაკავების იდეითაც გამოვიდა. ვაშინგტონში გვეუბნებიან, რომ ეს კიდევ ერთ, დიდ შეკითხვას აჩენს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისადმი.
“კრემლის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ [არჩევნების] შედეგებთან დაკავშირებით ეჭვი გაჩნდეს. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ არჩევნებს სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ამიტომაც, არ სურთ, რომ მისი ლეგიტიმურობა აღიარონ. ასე რომ, როგორც ჩანს, ბრძოლა ახლა ქუჩაში გადაინაცვლებს და თუ მთავრობა ისეთი სულელი აღმოჩნდება, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტები დაარბიოს, მაშინ, საერთაშორისო საზოგადოების აზრი მათ წინააღმდეგ გადამწყვეტად უარყოფითი იქნება”, - გვეუბნება ჯონ ჰერბსტი.
არჩევნებთან დაკავშირებით, რუსეთიდან გაკეთებულ განცხადებებს არასერიოზულს უწოდებს დევიდ კრამერი. თუმცა, აქვე დასძენს რომ მსგავსი რიტორიკა საკმაოდ საშიშია.
“უკანასკნელი წყარო, რომელსაც დავეყრდნობოდი იმასთან დაკავშირებით იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, არის კრემლი ან ნებისმიერი რუსი ოფიციალური პირი. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ცხვირწინ რომ ჰქონდეთ, მაინც ვერ მიხვდებიან ეს რა არის. იმდენი წელია სამართლიანი არჩევნები არ ჩაუტარებიათ, რომ რუსეთში ამაზე გაკეთებული ნებისმიერი განცხადება აზრს მოკლებულია. თუმცა, ამავდროულად, ამ განცხადებებმა სერიოზული განგაშის ზარი უნდა შემოკრას ქართველებისა და დასავლეთისთვის, ეს ძალიან ცუდის ნიშანია”, - განმარტავს კრამერი.
ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ. ხელისუფლების ოპონენტები სამომავლო გეგმაზე შეჯერდნენ - ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და არჩევნების დარღვევების საერთაშორისო გამოძიებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. თუმცა, ამ მოთხოვნების პარალელურად, გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ გამეორდება 2020 წლის სცენარი, როდესაც ოპოზიციამ ჯერ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა და ქუჩის აქციები დაიწყო, შემდეგ კი მათი ნაწილი მაინც შევიდა საკანონმდებლო ორგანოში. თუმცა, “ამერიკის ხმის” რესპონდენტები თვლიან, რომ ახლა სრულიად განსხვავებული მოცემულობაა.
“არ მგონია, რომ 2024 წლის [სიტუაცია] იგივეა, რაც 2020 წლის. ვფიქრობ, საქართველოს დემოკრატია მას შემდეგ მკვეთრად დაეცა. არასდროს შევთავაზებდი ოპოზიციას რა უნდა გააკეთონ, ან რა არა, მაგრამ მგონია, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციამ საკუთარ თავს ჰკითხოს, რას მიიღებენ ისინი პარლამენტში შესვლით. შეძლებენ კი, ამით სერიოზული მიზნების მიღწევას? ეს ძალიან სერიოზული შეკითხვაა და არ ვარ დარწმუნებული, რამდენად ჰქონდა ოპოზიციას საშუალება, ბოლო 4 წლის განმავლობაში, საპარლამენტო საქმინობაში რეალურად ჩართული ყოფილიყო . მაგალითად, მათი აზრი სრულად არ გაითვალისწინეს ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას. თუ რეალური სარგებელი არ ექნება [პარლამენტში შესვლას], მაშინ ეს სერიოზული არგუმენტია”, - გვეუბნება ლორა თორნტონი.
ჯონ ჰერბსტი კი თვლის, რომ შესაძლოა, ოპოზიციას ახლა უკეთესი შანსები ჰქონდეს, ვიდრე 2020 წელს, თუმცა გარანტირებული არაფერია.
“2020 წელს, "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. ამაზე რეაქცია დასავლეთში მართალია თითქოს დღევანდელის მსგავსი იყო, მაგრამ არც ისე მწვავე, როგორც დღეს. როგორც მახსოვს, მაშინ საქართველოს პრეზიდენტიც არ ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა. ასე რომ, ოპოზიციისთვის შანსები, ახლა, ალბათ გაცილებით უკეთესია”, - ამბობს ყოფილი დიპლომატი.
დასავლეთში საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, სწრაფად და საფუძვლიანად გამოიძიოს საარჩევნო დარღვევების შემთხვევები და პატივი სცეს საქართველოს მოსახლეობის ნებას. საქართველოს ხელისუფლებაში ამბობენ, რომ არჩევნებმა სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩაიარა, რომ ამას ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებიც. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ პრეზიდენტსა და ოპოზიციას ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურთ.
ამ დრომდე, არცერთ დასავლურ ქვეყანას, ოფიციალურად, საქართველოში ჩატარებული არჩევნები არც თავისუფალ და სამართლიანად უცნია და საბოლოო სიტყვა, არც მის არალეგიტიმურობაზე უთქვამს.