ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“უკრაინის კონტრშეტევა არ მორჩება ერთ და ორ კვირაში”- გენერალი ჯეიმს დუბიკი


ვაჟა თავბერიძე

„ომებს თავდაცვით არ იგებენ, ომის მოსაგებად ადრე თუ გვიან მოგიწევს იერიშზე გადახვიდე”, - ამბობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის უსაფრთხოების პროგრამის პროფესორი, ომის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი - გენერალი ჯეიმს (ჯიმ) დუბიკი.

ომის კვლევის ინსტიტუტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან სრულყოფილი ანალიზითა და ზუსტი პროგნოზებით გამოირჩევა ომის მიმდინარეობის შეფასებისას. „გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ძალთა შეფარდებას იმ წერტილში, რომელსაც უკრაინა შეარჩევს კონტრშეტევისას”, - უთხრა გენერალმა დუბიკმა ვაჟა თავბერიძეს.

ბევრი, მათ შორის ჩეხეთის პრეზიდენტი, ყოფილი გენერალი პეტრ პაველი უკრაინის კონტრშეტევის საწყის ფაზას ახასიათებს, როგორც ე.წ. მაფორმირებელ ოპერაციას. მინდა გკითხოთ, მაინც რის „ფორმირებას“ ცდილობენ უკრაინელები?

ვფიქრობ, მსგავსი შეფასებები აუცილებელი გახდა იმიტომ, რომ დასავლეთში დაავიწყდათ, თუ რამდენად რთული რამეა ტრადიციული ომი. მოდით, გავიხსენოთ მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა ჯარების გადასხმა ნორმანდიაში (D Day) - 2 თვე და 350 000 ჯარისკაცი დასჭირდა 50 მილზე გადაჭიმული სანაპირო ფრონტის ხაზის ისე მომზადებას, რომ კონტრშეტევა დაწყებულიყო. ასე რომ, ამოცანის კომპლექსურობა გააზრებული უნდა გვქონდეს - კონტრიერიშისას უკრაინელებს მოუწევთ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით იმუშაონ. ისინი ამას უკვე ცდილობენ - სწორედ ამას ისახავს მიზნად მაფორმირებელი ოპერაცია და სადაზვერვო ოპერაციები. მოკლედ, უკრაინელები ცდილობენ, ან სუსტი წერტილი გამონახონ, ან თავადვე შექმნან იგი. ახლახან, „სიენენმა“ გვაცნობა, რომ უკრაინა იერიშს ახორციელებს ძირითადად ოთხი რეგიონის მიმართულებით. რას გვეუბნება ეს? მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ჯერ მეტს ვერაფერს ვხედავთ.

გამორიცხული არაა, ამ ოთხი არეალის ნაცვლად უკრაინამ მთავარი დარტყმა მეხუთე, ჯერ კიდევ ფარული მიმართულებიდან მიიტანოს. არაა აუცილებელი, ამ ოთხიდან ერთ-ერთი ამოარჩიონ. მაგრამ ვთქვათ, ამოარჩიეს - ისინი შეეცდებიან, შექმნან შთაბეჭდილება, რომ უტევენ, ვთქვათ, არეალ ნომერ 2-ს, რუსების რეაქციისა და ძალების გადაადგილების შემდეგ კი დაარტყამენ ან ნომერ 1-ს, ანაც, ვთქვათ, 4-ს. ამის შემდეგ, უკრაინელებს მოუწევთ რუსების თავდაცვის ხაზი გაარღვიონ, მის მიღმა შეაღწიონ. რუსებს აქვთ სამხაზიანი, ეშელონური თავდაცვის ხაზი - პირველი ხაზის, ე.წ. უსაფრთხოების ზონის მიზანია, მაქსიმალურად შეაფერხოს და დააბრკოლოს მტერი, სანამ მეორე, მთავარ თავდაცვის ხაზამდე, ე.წ. მთავარ ბრძოლის ველამდე მიაღწევს. მთავარი ორთაბრძოლის არეალს, როგორც წესი, კომპლექსური წინაღობები და ტრანშეები იცავს, მის უკან კი მესამე ხაზია, შედარებით ნაკლებად გამაგრებული, სადაც ძირითადად სარეზერვო ძალებია, რომლითაც რუსები ეცდებიან, თავდაცვის ხაზებში უკრაინელების მიერ გაკეთებული „ხვრელები“ დაგმანონ.

წარმატების მისაღწევად, უკრაინელებს მოუწევთ არა მხოლოდ პირველი, არამედ მეორე, თავდაცვის მთავარი ხაზიც გაარღვიონ. ამისთვის მათ მოუწევთ მოკლე დისტანციაზე ბრძოლა და, ამავდროულად, ბრძოლა გაიმართება ე.წ. ღრმა ფრონტზეც - არტილერიის დუელი, სადაც უკრაინა მიზანში ამოიღებს რუსეთის ლოგისტიკის ქსელს და კონტროლის ინფრასტრუქტურას. ეს ორივე ელემენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წინსვლის უზრუნველსაყოფად. გარღვევის შემდეგ კი მათი მიზანი იქნება, რაც შეიძლება მეტი ძალები გადაისროლონ რუსების ზურგში, რუსების რეზერვებს კი შექმნილი „ხვრელების“ ამოქოლვის საშუალება არ მისცენ. ამ ყველაფერს დრო სჭირდება - არ უნდა გვქონდეს გულუბრყვილო მოლოდინი - ეს არ მორჩება ერთ და ორ კვირაში, თვეები დასჭირდება. ამ საბრძოლო ოპერაციების პარალელურად, უკრაინელებს მოუწევთ ქვეყნის დანარჩენი ნაწილის დაცვა გააგრძელონ - მარტივი საქმე არც ესაა. ამას გარდა, მათ უნდა შექმნან პირობები უწყვეტი ლოგისტიკური მომარაგებისთვის ზურგიდან ფრონტზე და დაზიანებული ტექნიკის შეუფერხებლად გატანისთვის ფრონტიდან ზურგში, შესაკეთებლად. ასე რომ, ვფიქრობ, დასავლეთში ჯეროვნად ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებიათ, რამხელა რამეს შეეჭიდა უკრაინა.

ჩვენ რატომღაც ჩავთვალეთ, რომ ყველა ომი სწრაფად და დამაჯერებელი გამარჯვებით უნდა დამთავრდეს, როგორც მაგალითად სპარსეთის ყურის პირველი ომი. 20 წელი ვთვლემდით, ამ მცდარი აღქმით გულდამშვიდებულნი. ახლა კი გვიწევს, გამოვიღვიძოთ და გავიაზროთ, რომ ინდუსტრიული მასშტაბის ომი - ისეთი, როგორიც მეორე მსოფლიო ომი იყო - არსად წასულა, ისევ აქაა, მიუხედავად იმისა, თუ რას გვიმტკიცებდნენ თეორეტიკოსები. დღევანდელი ომი უკრაინაში, ეს გარკვეულწილად ცივი ომისშემდგომი პერიოდის უკანასკნელი ომია - და იმის მიხედვით, თუ როგორ დამთავრდება ეს ომი, ახალ პერიოდს, ამ ახალ ხანას ან ერთი შეფერილობა ექნება, ანაც მეორე - რადიკალურად განსხვავებული. რადგან, თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ამით არ დაკმაყოფილდება, უკრაინაში არ გაჩერდება. ეს უკვე ყველამ გაიგო და გაიაზრა, და თუ ვინმემ ჯერაც ვერ გაიგო - ესე იგი, ეს მათი არჩევანია და არ სურთ, გაიგონ. და სხვა ბირთვული სახელმწიფოები, ისევე როგორც ის ქვეყნები, რომელთაც აქვთ ამბიციები, ბირთვულ სახელმწიფოდ იქცნენ - გულდასმით აკვირდებიან ამ ომს, რათა ნახონ, გაუძლებს თუ არა დასავლეთი, დარჩება თუ არა ტაბუდ საზღვრების შეცვლის მცდელობა სამხედრო აგრესიის ხარჯზე.

რაც შეეხება ამ შეღწევას, რუსების თავდაცვითი ხაზის გარღვევას - მინდა გკითხოთ, რაზე დებს ფსონს უკრაინა, რომელიც იერიშზე მიდის, მაგრამ არ აქვს რიცხობრივი უპირატესობა, თანაც ცდილობს გაარღვიოს ეშელონური თავდაცვის ხაზი, რომელიც, როგორც ბრიტანული დაზვერვა აღწერს - „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხედრო თავდაცვითი სამუშაოების ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური სისტემაა, რაც კი ოდესმე სადმე გვინახავს“.

გეტყვით, რომ ძალთა ზოგადი თანაფარდობა თვალს გიხვევთ და მთლიანობაში, მცდარ სურათს ქმნის. ძალთა თანაფარდობა ომში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ამან შეიძლება მოგატყუოთ კიდეც. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ძალთა შეფარდებას იმ წერტილში, რომელსაც უკრაინა შეარჩევს, ჯაჭვის იმ სავარაუდოდ სუსტ რგოლში, რომლის გაწყვეტასაც ისინი შეეცდებიან. ასე რომ, რუსების ზოგად მრავალრიცხოვნებას მთელი ფრონტის გასწვრივ მნიშვნელობა არ ექნება, თუკი უკრაინელები შეძლებენ დიდი რაოდენობის საცეცხლე ძალის - უპილოტო საფრენი აპარატების, საჰაერო ძალების, შორი მანძილის საარტილერიო რაკეტების თავმოყრას ყველა იმ წერტილში, სადაც სურთ. აქ მთავარია, შენი დამრტყმელი საბრძოლო ძალის კონცენტრირება მოახერხო იმ დროს და იმ ადგილზე, რომელიც შენთვის ხელსაყრელია, რათა ძალთა თანაფარდობა იმ კონკრეტულ წერტილში შენკენ გადმოიხაროს.

მოარული ფრაზაა, რომ თავდაცვითი პოზიციები, როგორ ოსტატურადაც უნდა იყოს ნაგები, მხოლოდ იმდენადაა ეფექტიანი, რამდენადაც ჯარისკაცები, რომლებიც ამ პოზიციებს იცავენ. რუსების ცუდი მომზადებისა და კიდევ უფრო ცუდი მორალის ფონზე - ყოველ შემთხვევაში, დღემდე სწორედ ამ მოცემულობას ვხედავთ ომში - რამდენად დიდი კოზირი იქნება ეს უკრაინისთვის, როდესაც ისინი რუსების თავდაცვის ხაზის გარღვევას შეეცდებიან?

ჩემი გადმოსახედიდან და გამოცდილებით, კარგად მოწყობილ თავდაცვით პოზიციებს უხეირო მებრძოლებიც მშვენივრად იყენებენ ხოლმე. და რუსებს, ისტორიულად, იშვიათად ეშლებოდათ თავდაცვითი ხაზის გამართვა. მათ აქვთ ერთმანეთთან გადაჯაჭვული საცეცხლე ველები და სასაკლაო უბეები (kill boxes), ინტეგრირებული აქვთ არტილერია, სახმელეთო ცეცხლი, საჰაერო თავდაცვა და საჰაერო შეტევები. ასე რომ, თუ უხეირო ჯარისკაცი ხარ, მაგრამ კარგად გამართულ თავდაცვით პოზიციებზე გაგამწესეს, უპირატესობა მაინც შენს მხარეზეა. მეორე მხრივ, თუ უხეირო ჯარისკაცები გყავს, მოწინააღმდეგ კი უცებ შენს ზურგში აღმოჩნდა, აი, მაშინ ნამდვილად გაქვს სანერვიულო, რადგან ისინი, დიდი ალბათობით, პანიკაში ჩავარდებიან და გაიქცევიან, მოწესრიგებული უკანდახევის ნაცვლად. ამიტომაა თავდაცვითი ხაზის გარღვევა ასე მნიშვნელოვანი უკრაინისთვის. და მესამე დეტალი: ცუდად მომზადებული მებრძოლები ფსიქოლოგიურად მალე ტყდებიან, ვერ უძლებენ კონცენტრირებულ ცეცხლს და დაბომბვას - ისინი დანებებას არჩევენ. ანუ, ასე, თეზისივით არაა ყველაფერი, ტოლობის, ანაც მეტობა-ნაკლებობის ნიშანს ვერ დავსვამთ, უნდა გავითვალისწინოთ ეს სამივე ასპექტი: პირველი - თუნდაც უხეირო ჯარისკაცებს კარგად მოწყობილ თავდაცვის ხაზში, შეუძლიათ მოწინააღმდეგეს დიდი ზიანი მიაყენონ. მეორე - დაბალი მორალის მქონე ჯარისკაცები კონცენტრირებულ იერიშს და დაბომბვას ვერ უძლებენ, ადვილად ნებდებიან. და მესამე - თუ მოახერხებ მათ ზურგში მოექცე, ცუდად მომზადებულ ჯარისკაცებს უფრო მალე იპყრობთ პანიკა.

რამდენად რჩება სივრცე ტაქტიკური სიურპრიზებისთვის ამ, როგორც აღწერენ, „ისტორიაში პირველ გამჭვირვალე ომში“, სადაც თითქმის ყველაფერს, რაც ფრონტზე ხდება, მოწინააღმდეგის თითოეულ გადაადგილებას სატელიტიდან ვხედავთ?

ვფიქრობ, საკმარისზე მეტი სივრცე რჩება, ამის არ უნდა გვეშინოდეს. ყველა გენერალი ცდილობს, მოწინააღმდეგეს სიურპრიზი მოუწყოს, გამონაკლისი არც უკრაინელები იქნებიან. ტაქტიკური სიურპრიზის მიზანია, მოწინააღმდეგე აიძულო, შესაძლებლობა არ მისცე, თავის მოედანზე გეთამაშოს - იქნება ეს ადგილი, დრო თუ მეთოდი. როდესაც მეტოქე მისი კოგნიტიური კომფორტის ზონიდან გამოგყავს, მას უწევს ადაპტირება ახალ რეალობასთან, რომლის შესახებაც შენ უკვე იცი, შენ უკვე მოემზადე. და თუ რამეში დაგვარწმუნეს რუსებმა ამ წელიწად-ნახევარში, ეს ისაა, რომ ახალ რეალობასთან სწრაფი ადაპტირების უნარი არ გააჩნიათ, იბნევიან, უკრაინელებისგან განსხვავებით. თუ საქმე ისე მიდის, როგორც დაგეგმეს, მაშინ რუსები დავალებას ბეჯითად ასრულებენ, მაგრამ თუ გეგმიდან გადახვევა უწევთ, თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა - აქ უკვე პარალიზებულები არიან, თითოეული მეთაური ზემდგომისგან ელოდება ბრძანებას და ასე, სულ ზემოთ და ზემოთ, ჯაჭვის ბოლო რგოლამდე. უკრაინელებმა ეს სათავისოდ უნდა გამოიყენონ ტაქტიკური სიურპრიზებისას. დარწმუნებული ვარ, ისეთი მეთოდები და გეგმებიც შეიმუშავეს, რაზეც ჯერ არაფერი ვიცით - „კარტს“ არ შლიან და როდესაც, სადაც და როგორც დასჭირდებათ, იქ გამოიყენებენ.

და ის პირველი ტაქტიკური სიურპრიზი, რაც ვნახეთ კონტრშეტევის დაწყებიდან, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ თავის დარგში უძველესია, თუმცა უკიდურესად ეფექტიანი - უკრაინელები ძირითადად ღამით უტევენ, მაქსიმალურად ცდილობენ ამას - და ბევრი ამას კიევის არსენალში დასავლური წარმოების ღამის ხედვის მოწყობილობების შედარებით დიდ რაოდენობას მიაწერს. რამდენად ეფექტიანი იარაღი შეიძლება გამოდგეს ღამის წყვდიადი უკრაინელებისათვის?

კი, ეს ნამდვილადაა სიურპრიზი - და ტაქტიკურ დონეზე, ეს უზარმაზარი უპირატესობაა, ხედავდე ღამით, შეგეძლოს მოწინააღმდეგის მიზანში ამოღება და სროლა, მაშინ როდესაც ის სიბნელეში სილუეტების გარჩევას ცდილობს. ეს უზარმაზარი ტაქტიკური უპირატესობაა, მაგრამ რამდენად შეძლებენ უკრაინელები მის ოპერაციულ უპირატესობად გადაქცევას, დრო გვიჩვენებს - ეს დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, რამდენი ღამის ხედვის მოწყობილობა ექნებათ უკრაინელებს და, მეორე მხრივ, რუსულ ჯარში მსგავსი აღჭურვილობის სიმწირეზე.

რაც შეეხება დასავლეთის სამხედრო დახმარებას - იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის დასავლური შეიარაღება მიიღო უკრაინამ ამ კონტრიერიშის მოსამზადებლად, სამართლიანი იქნებოდა თუ არა თქმა, რომ აქ დასავლეთის სამხედრო პრესტიჟიც დევს სასწორზე?

ძნელი სათქმელია. ალბათ, შეიძლება მსგავსი არგუმენტის ქონა, ოღონდ რამდენად ძლიერი და მყარი იქნება ეს არგუმენტი, ვერ გეტყვით. იმიტომ რომ ამ აღჭურვილობამ - ბრედლებმა, აბრამსებმა... სხვა დანარჩენმა დასავლურმა აღჭურვილობამ - იმავე ლეოპარდებმა და ა.შ., მათ უკვე წარმატებით ჩააბარეს გამოცდა სხვა ომებში.

მაგრამ არა რუსეთთან ომში. არა რუსეთის წინააღმდეგ.

არა რუსეთის წინააღმდეგ. დიახ, ესეც მართალია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, ისინი ამ გამოცდასაც ჩააბარებენ. მაგრამ მნიშვნელოვანი აქ ისაა, როგორ გამოიყენებენ ამ აღჭურვილობას, და ექნებათ თუ არა წვდომა მათზე იქ, სადაც დასჭირდებათ და მაშინ, როცა დასჭირდებათ. კონტრიერიშის ლოგისტიკა უმნიშვნელოვანესია. კარგი ლოგისტიკოსები დადიან ცხრილებით - მე თავად მინახავს - ჩაიხედავენ და გეტყვიან - თუ ასეთ და ასეთ ბრძოლაში მოგიწევთ ყოფნა აი, ამდენი დღის განმავლობაში, მაშინ ელოდეთ აი, ამდენ დაზიანებულ აღჭურვილობას. ანუ აქ მხოლოდ იმაზე არაა, რა რაოდენობის აღჭურვილობით იწყებ - უნდა იცოდე, შეგიძლია თუ არა დაზიანებული აღჭურვილობის დროზე ჩანაცვლება? შეგიძლია თუ არა წინსვლის გაგრძელება გარღვევის შემდეგ? და გაქვს თუ არა უკუკავშირი, რათა დროულად მოახერხო დაზიანებული ტექნიკის შეკეთება? და კიდევ ერთი რამ. თქვენმა რემარკამ შეიძლება ვინმეს აფიქრებინოს, რომ ეს ე.წ. proxy ომია. ეს არაა proxy ომი, ესაა ომი, რომელიც პუტინის არალეგალურ სამხედრო აგრესიას მოჰყვა, უკრაინა კი თავს იცავს. და საერთაშორისო სამართლის გადმოსახედიდან, სხვა ერებს სრული უფლება აქვთ, უკრაინას თავის დაცვაში დაეხმარონ. პუტინი გაიძახის, რომ ეს proxy ომია ნატოსა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მაგრამ ასე არაა - ესაა დასავლეთის, ამერიკისა და ნატოს მხარდაჭერა სუვერენულ ქვეყანას, რომლის სურვილი და მზადყოფნა, თავი დაიცვას, სრულიად ლეგიტიმურია, პუტინის აგრესიისგან განსხვავებით.


კარგი, ბატონო. უკრაინამ ბევრი რამ მიიღო დასავლეთისგან, სამხედრო მხარდაჭერის მხრივ, მაგრამ მაინც რჩება რამდენიმე ყბადაღებული „ნახვრეტი“ საყიდლების იმ სიაში, რომელიც უკრაინას აქვს, დასავლეთი კი ფეხს ითრევს. ერთი ასეთი თემაა უკრაინისთვის ATACMS-ების მიწოდება, მეორე კი F-16 საბრძოლო თვითმფრინავებისა. პირველით დავიწყოთ - რამდენად მნიშვნელოვანია ATACMS-ები უკრაინის კონტრიერიშის წარმატებით დასასრულებლად? რამდენად შეაფერხებს უკრაინას მათი არქონა?

დიახ. ის მანძილი, რაც ATACMS-ებს აქვთ, უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა სიღრმიდან ბრძოლის კომპონენტში და, საბოლოო ჯამში, რუსების თავდაცვის ხაზის გასარღვევად. ახლო მანძილის შეიარაღება, არტილერია, მორტარები, შემდეგ სიღრმეში ჰაიმარსები და ყველაზე ღრმად კი ATACMS-ები - აი, ასეთი იქნებოდა იდეალური განლაგება. ისინი უკრაინელებს ძალიან გამოადგებოდათ და ვფიქრობ, დიდი ხნის წინ უნდა მიგვეცა მათთვის.

უნდა ველოდოთ თუ არა, რომ კონტრიერიშის მსვლელობისას მიიღებენ? და თუ არ მიიღებენ, ხომ არ ვინანებთ ამას?

როგორც გითხარით, მე ვთვლი, რომ უკვე უნდა მიგვეცა ATACMS-ები უკრაინისთვის, ასე რომ, პირადად მე უკვე ვნანობ. [თეთრი სახლის] ადმინისტრაცია რას იტყვის, არ ვიცი, ნანობენ თუ არა. მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს შეიარაღება უკრაინელებს უკვე დიდი ხანია სჭირდებათ და ჩვენც უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ სჭირდებათ, დაახლოებით გასული წლის ზაფხულიდან. ჯერ კიდევ მაშინ ვწერდი, რომ ყველაფერი უნდა მიგვეცა უკრაინისთვის, რაც კონტრიერიშისთვის სჭირდებოდათ. ომებს თავდაცვით არ იგებენ, ომის მოსაგებად ადრე თუ გვიან მოგიწევს იერიშზე გადახვიდე.

და რაც შეეხება F-16-ებს, უფრო სწორად, მათ არყოლას - უკრაინელები ჯერჯერობით საჰაერო მხარდაჭერის გარეშე უტევენ, მათი საჰაერო თავდაცვის სისტემები დაკავებულია იმ სამოქალაქო სამიზნეების დაცვით, რომლებსაც რუსეთი შეუჩერებლად ბომბავს. რამდენად ძვირი დაუჯდება ეს საჰაერო უთანასწორობა უკრაინას?

საჰაერო კონტროლის გარეშე, რა თქმა უნდა, უკრაინას ეს კონტრიერიში მეტ მსხვერპლად დაუჯდება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ რამდენადაა F-16 ამ პრობლემის პასუხი, რთული სათქმელია. აი, თქვენ ახსენეთ საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელიც ასევე კარგი ალტერნატივაა - უკრაინას სჭირდება დაიცვას ცა კონტრიერიშის ზემოთ და პარალელურად, დაიცვას დანარჩენი უკრაინის ცა - ეს ორმაგად რთული გამოწვევაა და მათ ამისთვის საჰაერო სისტემები არ ჰყოფნით, თუნდაც იგივე პატრიოტები. და ვფიქრობ, ფეხს არ უნდა ვითრევდეთ მათ მიწოდებაზე, პირიქით, ამ სისტემების გაზრდილი რაოდენობა უნდა მივაწოდოთ უკრაინას.

და ბოლო ორი შეკითხვა: მინდა გკითხოთ უკრაინის დანაკარგებზე ამ კონტრიერიშისას და დანაკარგების ეს ნუსხა უდავოდ გაიზრდება კონტრშეტევისას. ვნახეთ, როგორ „აფრიალებდნენ“ რუსები განადგურებული ლეოპარდების ფოტოებს სოციალურ მედიაში - მერე იგივე ლეოპარდები სხვა ხედიდან გადაიღეს, ან დააფოტოშოპეს და ზეიმი განაგრძეს, მოკლედ, გული ვერ იჯერეს. ამის ფონზე, რა რჩევა გექნებოდათ მოლოდინის მართვის სტრატეგიის კუთხით დასავლეთისა და უკრაინისათვის?

ვფიქრობ, ეს უკრაინის, ნატოს, აშშ-ის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა - მოსახლეობასთან კავშირის არგაწყვეტა და რეალური სურათის ჩვენება: რისი მიღწევა შეიძლება, რას ვაღწევთ და რის ფასად. და აქ ფაქიზად მოქმედებაა საჭირო, რადგან თუ გადაამლაშებ და ზედმეტად რეალისტურ სურათს დახატავ, შესაძლოა პანიკა გამოიწვიო და მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია დაკარგო, მეორე მხრივ კი, თუ ზედმეტი ოპტიმიზმით „შესცოდავ“, მაშინ იტყვიან, რომ სიტუაციას სერიოზულად არ აღიქვამ, ან ცდილობ, დანაკარგები მიჩქმალო. მაგრამ ერთი ცალსახაა: ეს შეიარაღება უკრაინას იმიტომ გავუგზავნეთ, რომ გამოიყენოს, იომოს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მათ რუსები სამიზნეში ამოიღებენ - სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს. დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ მათ განადგურებაში, თუკი ისინი უკრაინელებს ომის მიზნების მიღწევაში ეხმარებიან.

ვლადიმირ პუტინს ახლახან წამოსცდა, რომ უკრაინის კონტრიერიშის დაწყებიდან რუსებმა 54 ტანკი დაკარგეს, თუმცა მალევე „გონს მოეგო“ და განაცხადა, რომ საპასუხოდ, უკრაინის დანაკარგები „კატასტროფულია“. რომ კიევმა 160 ტანკი და 360 ჯავშანმანქანა დაკარგა, რაც, მისი თქმით, დაახლოებით მესამედია მთელი იმ შეიარაღებისა, რაც დასავლეთმა უკრაინას მიაწოდა. რამდენად დიდი სკეპტიციზმით უნდა მივუდგეთ პუტინის მიერ მოწოდებულ ამ მონაცემებს?

გენერალი დუბიკი: პუტინზეა საუბარი - ვფიქრობ, მთელი ის სკეპტიციზმი დაგჭირდებათ, რაც გაგაჩნიათ და შეიძლება ესეც არ გეყოთ. მაგრამ ესეც ბრძოლის ველის ნაწილია, არა? ეს საინფორმაციო ბრძოლის ველია. სანდო ინფორმაციის ნაკადის გარეშე მთავრობის მხრიდან, მათი ლეგიტიმაცია და ხალხის მხარდაჭერა დგება რისკის ქვეშ. ეს კი ომის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG