ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ექსპერტები უკრაინაში კაშხლის დაზიანების მიზეზად შიდა აფეთქებას ასახელებენ


საერთაშორისო გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც უკრაინელებს კახოვკის კაშხლის დაზიანების მიზეზების დადგენაში ეხმარება ამბობს, რომ "დიდი ალბათობით" სამხრეთ უკრაინაში კაშხლის ნაგებობის აფეთქება, რუსების მიერ დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობებმა გამოიწვია.

ექსპერტები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის კომპანიას "Global Rights Compliance" წარმოადგენენ, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით, უკრაინას ომის დანაშაულების გამოძიებაში ეხმარება. ისინი10-11 ივნისს ხერსონის რეგიონში უკრაინის გენერალურ პროკურორთან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდნენ.

"მტკიცებულებები და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის ანალიზი - რომელიც მოიცავს სეისმოლოგიურ სენსორებს და დეკონსტრუქციის წამყვან ექსსპერტებთან საუბრებს - მიუთითებს, რომ დიდი ალბათობით, დაზიანება წინასწარ განთავსებულმა იმ ასაფეთქებლებმა გამოიწვია, რომლებიც კაშხლის ნაგებობაში კრიტიკულად მნიშვნელოვან წერტილებში იყო განლაგებული", - ასეთია ექსპერტთა ჯგუფის მოკვლევის წინასწარი დასკვნა.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ უშუალოდ ამ შემთხვევის გამოძიების ფარგლებში, ისინი წყლის ინფრასტრუქტურის სხვა ამგვარი დაზიანებების მაგალითებსაც იკვლევენ და გარემოებებს ერთმანეთს ადარებენ. მათი შეფასებით, გამორიცხულია, რომ ამგვარი კატასტროფული შედეგი მხოლოდ შეუსაბამო უზრუნველყოფით ან უგულებელყოფით მომხდარიყო.

ამავე სპეციალისტების თქმით, კაშხლის დანგრევის გავლენა შესაძლოა შიმშილობის გამოწვევის დანაშაულს გაუტოლდეს, რაც სამოქალაქო მოსახლეობისთვის საარსებოდ აუცილებელი ობიექტის მიზანში ამოღებას მოიცავს.

კაშხლის განზრახ დაზიანება შესაძლოა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით ომის დანაშაულადაც კი იყოს მიჩნეული, რადგან ის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იყო მიმართული და არა - ლეგიტიმური სამხედრო ობიექტის. ამის თაობაზე, საგამოძიებო ჯგუფის ერთ-ერთმა ბრიტანელმა ლიდერმა, კატრიონა მარდოკმა განაცხადა. იურისტი განმარტავს, რომ თუნდაც კაშხალი თუ მისი მიმდებარე ტერიტორია სამხედრო მნიშვნელობის სამიზნე ყოფილიყო, საერთაშორისო სამართლით ის მაინც უმაღლესი დაცვის სტანდარტით უნდა სარგებლობდეს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კაშხლის განადგურებაში თავად უკრაინელებს სდებს ბრალს და ამბობს, რომ ეს კონფლიქტის ესკალაციის მიზნით, დასავლეთის კიდევ ერთი ტაქტიკური ნაბიჯია. უკრაინა კი მომხდარს ომის დანაშაულად აფასებს და ამჯერად გამოძიებას ეკოციდის მიმართულებითაც აგრძელებს.

საბჭოთა პერიოდში აშენებული ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი 24 თებერვლის შეჭრის შემდეგ რუსების კონტროლის ქვეშაა. 6 ივნისს, გათენებისას, კაშხლის ნაგებობა გაირღვა და რეზერვუარიდან წყალმა გამოხეთქა. წყალმა სამხრეთ უკრაინაში ფართო ტერიტორია დატბორა, გაანადგურა სასოფლო სამეურნეო მიწები, საცხოვებელი სახლები და მოსახლეობის დიდი ნაწილი სასმელი წყლის გარეშეც დატოვა. საფრთხე ემუქრება რეზერვუარის სხვა მხარეს მდებარე მიწებსაც, რომელთა სარწყავი სისტემაც სწორედ იქიდან იღებდა წყალს.

XS
SM
MD
LG