ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კაშხლის განადგურებით გამოწვეული დატბორვის შემდგომი საგანგებო ოპერაციების შესახებ მსჯელობისთვის ხერსონის რეგიონში ჩავიდა.
მოსკოვი, რომელმაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო და კიევი, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის და კაშხლის განადგურებას ერთმანეთს აბრალებენ.
„ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ, ხერსონში თავისი ვიზიტის ამსახველ ვიდეოზე ზელენსკიმ ასეთი ტექსტი დაურთო: „ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვიმსჯელეთ. უბედურების შედეგად რეგიონში შექმნილი ოპერატიული ვითარება, პოტენციური დატბორვის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, კაშხლის აფეთქებით გამოწვეული საგანგებო ვითარების აღმოფხვრა, დატბორილ ადგილებში სიცოცხლის მხარდაჭერის ორგანიზება. ასევე [განვიხილეთ] რეგიონის ეკოსისტემის აღდგენის პერსპექტივა და ხელოვნურად გამოწვეულ უბედურების ადგილზე სამხედრო ოპერატიული ვითარება.“
ხუთშაბათს, უფრო ადრე, ხერსონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონში 600 კვადრატული კილომეტრი, მეტწილად მდინარის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაპირზე, წყლის ქვეშ აღმოჩნდა და თითქმის 2000-მა ადამიანმა დატბორილი ადგილები უკვე დატოვა.