ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კახოვკის კაშხალი - მნიშვნელობა, გავლენა, საფრთხე


კახოვკის კაშხალი - მდინარე დნიპროზე აშენებული დიდი ჰიდროელექტროსადგურის ნაწილია. სამშაბათს, ღამით, კაშხლის ნაგებობის ნაწილის დაზიანების გამო, რეზერვუარიდან წყალმა გამოხეთქა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიედინება. დატბორვის ზონაშია 80-მდე დასახლება.

რეზერვუარში წყლის დონე იკლებს. გამოცხადებულია საევაკუაციო სამუშაოები. უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსულმა ძალებმა მათ მიერ კონტროლირებული სადგური ააფეთქეს, რათა უკრაინელთა კონტრიერიში შეეფერხებინათ. მოსკოვი კი კიევს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს ყირიმისთვის წყლის მიწოდების შესაზღუდად თავად უკრაინელებმა გააკეთეს.

კახოვკის კაშხალი

კახოვკის კაშხლის ნაგებობა ჰიდროელექტროსადგურის კომპლექსის ნაწილია. ის 30 მეტრის სიმაღლის და 3.2 კმ სიგრძის იყო. მისი მშენებლობა იოსებ სტალინის მმართველობის ქვეშ დაიწყო და ნიკიტა ხრუშოვის დროს დასრულდა. კაშხლის ნაგებობა მდინარე დნიპროზეა აშენებული, რომელიც სამხრეთ უკრაინაში, უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის ფრონტის ხაზად იქცა.

ჰიდროელექტროსადგურის რეზერვუარის ასაშენებლად მაშინ 37 000-მდე ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. რეზერვუარში წლის მოცულობა18 კუბური კილომეტრი იყო. ჰესი გამოიყენება ყირიმის ნახევარკუნძულის წყლის მომარაგებისთვის და ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების სისტემებისთვისაც.

რუსებმა კახოვკის ჰესი ააფეთქეს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:01 0:00

რა მოხდა?

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსულ მხარეს მის მიერ კონტროლირებადი სადგურზე აფეთქების მოწყობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მოსკოვმა "ტერორისტული თავდასხმისთვის" პასუხი უნდა აგოს.

"2 საათსა და 50 წუთზე ტერორისტებმა შიდა [ტერიტორიაზე] განახორციელეს ჰიდროელექტროსადგურის ნაგებობის აფეთქება. დატბორვის ზონაშია დაახლოებით 80-მდე დასახლება", - განაცხადა პრეზიდენტმა საგანგებო შეხვედრის შემდეგ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების პრეს-სპიკერი ამბობს, რომ რუსეთის მიზანი უკრაინული ჯარის მიერ მდინარე დნიპროს გადალახვისთვის და რუსული საოკუპაციო ძალებზე თავდასხმისთვის ხელის შეშლა იყო.

რუსეთი კი კიევს ადანაშაულებს საბოტაჟში და ამბობს, რომ ამის მიზანი ყირიმის წყლით მომარაგების შეზღუდვაა, რათა უკრაინის კონტრიერიშის წარუმატებლობიდან ყურადღება გადაიტანონ. "ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ვსაუბრობთ წინასწარ განზრახულ საბოტაჟზე უკრაინული მხარისგან", - განუცხადა ჟურნალისტებს დმიტრი პესკოვმა, კრემლის პრეს-სპიკერმა.

დღესვე, რუსეთის მიერ დანიშნული ადგილობრივი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ არანაირი თავდასხმა არ მომხდარა. ვლადიმირ როგოვი, რუსეთის მიერ დანიშნული დე-ფაქტო ოფიციალური პირი ამბობდა, რომ კაშხალი ძველი დაზიანებისა და წყლის წნეხის გამო დაინგრა. ამავე ინფორმაციას გადასცემდა რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასიც".

ვისზე მოახდენს ეს გავლენას?

დატბორვის ზონაში წყლის დონის მატება, ათასობით ადამიანზე იქონიებს გავლენას. მოქალაქეთა ევაკუაცია დაწყებულია ფრონტის ხაზის ორივე მხარეს. რუსული წყაროების ცნობით, დატბორვის საფრთხის ქვეშაა ხერსონის რეგიონის 14-მდე დასახლების 22 ათასზე მეტი მკვიდრი და მათ ევაკუაციისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდებენ. უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი ამბობს, რომ 80-მდე დასახლებაა რისკის ქვეშ.

ყირიმი უწყლოდ?

კაშხლის განადგურება ნიშნავს, რომ რეზერვუარი წყლისგან იცლება, წყლის დონე დაიწევს ჩრდილოეთ ყირიმის არხშიც, რომელიც ნახევარკუნძულის 85 %-ს წყლით ამარაგებს. წყლის უდიდესი ნაწილი სასოფლო სამეურნეო მიზნებისთვის გამოიყენება, ნაწილიც სხვადასხვა ინდუსტრიაში, ამავე წყლის დაახლოებით მეხუთედი კი სასმელი წყლის და სხვა საჭიროებებისთვის.

ატომური ელექტროსადგური

საფრთხე ემუქრება ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურსაც. ამჟამად ვითარება სტაბილურია, თუმცა კაშხლის რეზერვუარის წყალი რეაქტორების გასაგრილებლად და უსაფრთხოების ზომების დასაცავადაა საჭირო. სადგური რუსული ძალების კონტროლის ქვეშაა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ამბობს, რომ ამჟამად უშუალო და დაუყოვნებლივი საფრთხე სადგურს არ ემუქრება. მისი თქმით, მთავარი ისაა, რომ გასაგრილებელი ავზი დაუზიანებელი იყოს და მისი წყლით შევსება გაგრძელდეს.

XS
SM
MD
LG