ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა სასოფლო-სამეურნეო მიწების დატბორვაზე საუბრობს


კახოვკის კაშხლის დაზიანების შემდეგ სამხრეთ უკრაინაში ათობით ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა იტბორება. მეორე მხრივ კი ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა 500 000-მდე ჰექტარი მიწა მოურწყავი დარჩეს. ამის შესახებ უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს.

უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის უმნიშვნელოვანესი მწარმოებელია, რომელიც მოსკოვს ამჯერად კაშხლის განადგურებით კიდევ ერთი ომის დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს. თუმცა რუსები მათ კონტროლქვეშ მყოფი სადგურის დაზიანებას უკრაინელებს აბრალებენ.

წყლის დონე სავარაუდოდ პიკს ოთხშაბათს მიაღწევს. კიევის ვარაუდით, დატბორვის საფრთხის წინაშე 42 ათასამდე ადამიანი დადგა. ამასთან, ასობით ათას ადამიანს სასმელ წყალზე წვდომა გაურთულდა.

"კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება გვაყენებს იმ ფაქტის წინაშე, რომ სამხრეთ უკრაინაში მინდვრები მომავალ წელს შეიძლება უდაბნოდ გადაიქცეს", - ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი. მისივე განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს კატასტროფა წყლის გარეშე ტოვებს 31 საირიგაციო სისტემას უკრაინის სხვადასხვა რეგიონში - დნიპროს, ხერსონისა და ზაპორიჟიის რეგიონებში.

მისი განმარტებით, 2021 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, ეს სისტემები 584 000 ჰექტარ სასოფლო სამეურნეო მიწას რწყავდა, და ამ ტერიტორიებზე 4 მილიონ ტონამდე მარცვლეული მოჰყავდათ. მინისტრი ამბობს, რომ კაშხლის განადგურებამ სარწყავი წყლის გარეშე დატოვა ხერსონის საირიგაციო სისტემის 94 %, ზაპორიჟიის 74 და დნიპროს 30 %.

სამინისტროს ჯერ არ დაუდასტურებია, დატბორვის გამო რა მოცულობის მარცვლეულის მოსავალი დაიკარგება.

XS
SM
MD
LG