რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, სამშაბათს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ჩაშალეს უკრაინის კონტრშეტევის პირველი სამი დღე, რომლის შედეგადაც, მოსკოვის თქმით 3,700-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ან დაიჭრა.
შოიგუმ, რომელიც, როგორც წესი, ბრძოლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს, ამჯერად დაწვრილებით ისაუბრა ორი მხარის დანაკარგებზე.
უკრაინა ამ დრომდე არ ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით დაიწყეს თუ არა კონტრშეტევა, ან როდის გეგმავენ კონტრ-იერიშს.
"გასული სამი დღის განმავლობაში, უკრაინის რეჟიმმა დიდი ხნის დაპირებული კონტშეტევა დაიწყო ფრონტის სხვადასხვა სექტორებზე",- თქვა შოიგუმ. "შეტევის მცდელობები შევაკავეთ, მტერი შეჩერებულია",- ამბობს ის.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი ამტკიცებს, რომ უკრაინამ 3,715 ადამიანი, ასევე 52 ტანკი და 207 შეიარაღებული ტექნიკა დაკარგა. რაც შეეხება რუსეთის დანაკარგებს, შოუგუს თქმით 71 ადამიანი დაუღუპა, 210 დაიჭრა და განადგურებულია 51 ტანკი.
რუსეთში ამტკიცებენ, რომ კიევის კონტრშეტევა დაწყებულია. ორშაბათს, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინამ ფრონტის ხაზზე შვიდი მიმართულებით დაიწყო შეტევა, სადაც 1,600-ზე მეტი ადამიანი დაკარგა.
უკრაინა უარყოფს რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მას "სიცრუეს" უწოდებს.