მაიკ პენსმა 2024 წლის საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობასთან დაკავშირებით, საარჩევნო კომისიაში განაცხადი ორშაბათს, 5 ივნისს შეიტანა. შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად და თეთრი სახლის დასაკავებლად იბრძოლებს.
ოფიციალურად საარჩევნო კამპანიის დაწყება ოთხშაბათს, 7 ივნისს იგეგმება, პენსის საკამპანიო ვიდეორგოლის წარდგენით. ახალი ამბების სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ის ოთხშაბათს აიოვის შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრას და სიტყვით გამოსვლასაც გეგმავს.
ტრადიციული კონსერვატორული ღირებულებებით გამორჩეული მაიკ პენსი მანამდე ინდიანის შტატის გუბერნატორი იყო. საპრეზიდენტო მარათონში ჩართვა მას თავის უშუალო უფროსთან, ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ოპონენტის როლში აყენებს.
პენსი ტრამპის მმართველობის დროს მისი ერთგულებით და ძალზე წინააღმდეგობრივ საკითხებშიც კი, მის გვერდში დგომით გამოირჩეოდა. თუმცა, პენსმა ყოფილ პრეზიდენტს მხარი აღარ დაუჭირა 2021 წლის 6 იანვარს, როცა ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა და მისი მომხრეები არჩევნების შედეგების დამტკიცების ჩაშლის მიზნით, კონგრესში ძალადობრივად შეიჭრნენ.
ამ ფაქტის შემდეგ პენსი ტრამპისგან დისტანცირებას ცდილობს. ის აცხადებს, რომ კონგრესზე თავდამსხმელების წაქეზებით, ყოფილმა პრეზიდენტმა საფრთხე პირადად მას და მის ოჯახსაც შეუქმნა. კონგრესში არჩევნების შედეგების დამტკიცების ფორმალურ, მაგრამ ტრადიციულ პროცესს, სწორედ პენსი თავმჯდომარეობდა.
საარჩევნო კამპანიაში მონაწილე რესპუბლიკელ კანდიდატთა რიცხვი იზრდება და ამ კვირის ბოლომდე, ათს გადააჭარბებს. დღესვე, მოგვიანებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ჩართვას ტრამპის კიდევ ერთი ყოფილი მხარდამჭერი, კრის კრისტი გეგმავს. კრისტი ნიუ-ჯერსის შტატის ყოფილი გუბერნატორია. საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას გეგმავს დაგ ბურგუმიც, ჩრდილოეთ დაკოტის გუბერნატორი.
დონალდ ტრამპი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 2024 წლის საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის სურვილი გამოთქვა. კანდიდატებად თავი ასევე დაასახელეს: შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმ, ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა, შეერთებული შტატების სენატორმა ტიმ სკოტმა და სხვებმა.
რესპუბლიკელი სტრატეგების ნაწილი ფიქრობს, რომ კანდიდატთა სიმრავლე ტრამპის მოწინააღმდეგეთა შორის ხმების გაფანტვას გამოიწვევს და ყოფილ პრეზიდენტს პარტიის ნომინაციის მოგების მეტი შანსი ექნება. არჩევნების ადრეულ ეტაპზე რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის კვლავ დონალდ ტრამპი დომინირებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ბოლოს მაისის თვეში "როიტერმა" და "იფსოსმა" ერთობლივად ჩაატარეს, ტრამპს რესპუბლიკელ ამომრჩეველთა 49%-იანი მხარდაჭერა აქვს. დესანტისს - 19% და ჰეილის მხოლოდ - 4%.
Facebook Forum