ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის პირველი სატელევიზიო მარათონი 2024 წლის არჩევნებისთვის


დონალდ ტრამპი გუშინ "სი-ენ-ენის" კითხვებს პასუხობდა, სატელევიზიო გამოსვლაში, რომლითაც მისი კამპანია 2024 წლის საპრეზიდენტო არჩენვებისთვის, უფრო აქტიურ ეტაპზე გადავიდა.

გამოსვლის მთავარი მესიჯები კვლავ წარსული საკითხები იყო. ყოფილმა პრეზიდენტმა მის 70 წუთიან გამოსვლაში აუდიტორია გააცინა, როცა ჯინ კაროლს დასცინა, რომელიც მას სექსუალურ ძალადობაში დებდა ბრალს, გაიმეორა 2020 წლის არჩევნების შესახებ მტკიცება, რომ ის გაყალბდა, თქვა, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის გასამართლებულებს შეიწყალებს და „სი-ენ-ენის“ მოდერატორ კაიტლინ კოლინს „საზიზღარი“ უწოდა.

კოლინზისა და სენტ ანსელმის კოლეჯის აუდიტორიის წევრების კითხვებზე პასუხისას ტრამპი არ იყო ზომიერი მის პოზიციებში, რაც მას ანალიტიკოსების აზრით, რესპუბლიკელთა უფრო ფართო მხარდაჭერის მოსაპოვებლად სჭირდება.

კოლინზის კითხვაზე, აღიარებს თუ არა ის, რომ 2020 წელს დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, ტრამპმა კვლავ გაიმეორა უსაფუძვლო განცხადებები, რომ არჩევნები მის წინააღმდეგ იყო გაყალბებული.

”ეს იყო გაყალბებული არჩევნები”, - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ ვინც სხვაგვარად ფიქრობს, ”სულელია”.

რესპუბლიკელების აუდიტორია და დამოუკიდებელი ამომრჩევლები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ რესპუბლიკელთა პრაიმერიში, ყოფილ პრეზიდენტ ტაშს უკრავდნენ, როცა ის პოდიუმზე ავიდა. ნიუ-ჰემფშირი არის ერთ-ერთ კრიტიკული შტატი, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს, კანდიდატების ნომინაციასა და არჩევნების ბედში.

"მე არასოდეს მიმიმართავს ამდენი ხალხისთვის და ეს იმიტომ მოხდა, რომ ისინი ფიქრობდნენ არჩევნები გაყალბდა. იქ იყვნენ მისული სიყვარულით გულში. ეს დაუჯერებელი და მშვენიერი დღე იყო", - თქვა მან 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმაზე საუბრისას.

ტრამპის განცხადებებზე საპასუხოდ, დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმი ჰარისონმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მოიხსენია, როგორც "საშიში, ექსტრემალური კანდიდატი", რომელიც ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას.

ბაიდენი ეცადა ტრამპის გამოსვლის პარალელურად, ფანდრაიზინგი წამოეწყო.

"გსურთ ამის კიდევ ოთხი წელი? თუ არა, ჩაერთეთ ჩვენს კამპანიაში", - დაწერა ბაიდენმა „ტვიტერზე“.

სამშაბათს, ფედერალურმა ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი დამნაშავედ ცნეს კეროლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში, 1990-იან წლებში მანჰეტენის მაღაზიის გასახდელში, და მისი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებაში მისი ბრალდების“ტყუილად“ შეფასებით. ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებით, ტრამპმა მას 5 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა განაცხადა, რომ ისინი განაჩენს გაასაჩივრებენ.

სამშაბათის განაჩენის შემდეგ, კეროლმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "დღეს, მსოფლიომ საბოლოოდ იცის სიმართლე... ეს გამარჯვებაა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველა ქალისათვის, ვისაც არ უჯერებდნენ“.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრისას პრეზიდენტმა თქვა, რომ ის მას "24 საათში დაასრულებს". ტრამპმა უარი განაცხადა ეთქვა სურს თუ არა მას, რომ უკრაინამ ეს ომი მოიგოს. "მე არ ვუყურებ ამას როგორც გამარჯვება ან წაგება, არამედ მოგვარების პრიზმაში", - თქვა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG