ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ მისცემს ჩვენებას ფედერალურ სასამართლოს, რომელიც მწერალ ი. ჯინ კეროლის 90-იან წლებში გაუპატიურების და მოგვიანებით, მისი ცილისწამების ბრალდებების საქმეს ეხება. სასამართლოსთვის პასუხის გაცემის ვადა ტრამპს კვირას, 7 მაისს ამოეწურა.
აღნიშნულ საქმეზე, ყოფილმა პრეზიდენტმა ვიდეო-ჩვენება ხუთშაბათს, 4 მაისს მისცა და განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა. ტრამპის ადვოკატი ჯოზეფ ტაკოპინა საერთოდ უარს ამბობს აღნიშნულ საქმეში დაცვის მხარის წარმოდგენაზე. სავარაუდოდ, გათვლა იმაზეა, რომ ბრალმდებელს საკმარისი დამამტკიცებელი არგუმენტაცია არ ექნება.
ბრალმდებელი ი. ჯინ კეროლი, რომელიც წარსულში გამოცემა "ელის" ჟურნალისტი იყო, ამბობს, რომ ის ტრამპმა 1995 თუ 1996 წელს მაღაზიის "ბერგდორფ გუდმენი" გამოსაცვლელ ოთახში გააუპატიურა. ყოფილმა პრეზიდენტმა მომხდარი უარყო და ქალს სიცრუეში დასწამა ბრალი.
ტრამპი თვლიდა, რომ სკანდალის საფუძველზე, კეროლს 2019 წელს გამოცემული საკუთარი მემუარების გაყიდვა სურდა. "ეს ყველაზე წარმოუდგენელი და ამაზრზენი ამბავია" - თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა ხუთშაბათის ვიდეო-ჩვენებაში, "ეს უბრალოდ გამოგონილი" ამბავია.
კეროლის საქმე მხოლოდ ერთია ტრამპის ლეგალური პროცესების გრძელ ჩამონათვალში. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯორჯიის შტატში არჩევნებში შესაძლო ჩარევის საქმეზე მიმდინარე გამოძიება, ასევე - 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მასობრივი თავდასხმის საქმე და საიდუმლო დოკუმენტების არასათანადოდ შენახვის გამო მიმდინარე ფედერალური გამოძიებები.
Facebook Forum