ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროსასამართლო: ნავალნის საქმის გამოძიება არაადეკვატური იყო


Russia Navalny
Russia Navalny

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებამ და შესაბამისმა ინსტანციებმა სათანადოდ არ გამოიძიეს 2020 წელს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე. ნავალნისთვის ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლომ კრემლს 40 000 ევროს გადახდა დააკისრა.

2020 წლის აგვისტოში რუსული ოპოზიციის ლიდერი და კრემლის მწვავე კრიტიკოსი მოწამვლის მცდელობას გადაურჩა. ციმბირში თვითმფრინავში მყოფი ნავალნი გერმანიაში გადაიწყვანეს, სადაც ლაბორატორიებში დადგინდა, რომ ის ნერვული აგენტით იყო მოწამლული. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ნავალნი რუსეთში დაბრუნდა. ის დააპატიმრეს და მოგვიანებით 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ნავალნი რუსეთის მთავრობას მისი მოწამვლის მცდელობაში ადანაშაულებს. რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში მას არაერთი სარჩელი აქვს შეტანილი.

სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მთავრობის მიერ ჩატარებული გამოძიებისას არ ყოფილა მზაობა ზედმიწევნით გამოეძიებინათ მტკიცებულებები, რამაც მსხვერპლის უფლება მონაწილეობა მიეღო პროცესში, არ უზრუნველყო.

სასამართლო ასევე ამბობს, რომ არ იქნა გამოძიებული ბრალდებები მკვლელობის მცდელობის შესაძლო პოლიტიკური მოტივის თაობაზე, ასევე ამ საქმეში სახელმწიფოს აგენტების ჩართულობის შესახებ თუ ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხზე.

"გამოძიებამ ვერ შეძლო დაედგინა რელევანტური ფაქტები. ვერც პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და, საჭიროების შემთხვევაში, დასჯა. შესაბამისად, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ადეკვატურად", - განაცხადა სასამართლომ.

რუსეთის პარლამენტის 2022 წლის გადაწყვეტილებით, ევროსასამართლოს იურისდიქცა ქვეყანაზე აღარ ვრცელდება. ალექსეი ნავალნის და მის ახლობლებს კი სასამართლოში 30-მდე საქმე აქვთ წარდგენილი. სასამართლოს პრეს-სპიკერი ამბობს, რომ რადგან რუსეთი ამ სავარაუდო მოწამვლისას სასამართლოს და ევროსაბჭოს წევრი იყო, მისი გადაწყვეტილება აღსრულებისთვის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს გადაეცემა.

XS
SM
MD
LG