ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინას რეფორმების მხრივ პროგრესი აქვს - ევროკავშირი


22 ივნისს, ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან განუწყვეტელი თავდასხმების მიუხედავად, უკრაინას რეფორმების მხრივ პროგრესი აქვს. ხუთშაბათს გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა თქვეს რომ უკრაინა მტკიცე ნაბიჯებს დგამს ევროკავშირის წევრობისკენ.

უკრაინა თავის მომავალს დასავლეთში ხედავს, შესაბამისად, ევროკავშირის წევრობა მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ქვეყანამ უკვე მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოლდოვასთან ერთად. საბოლოო შეფასებამდე რამდენიმე თვით ადრე კი, ევროპაში ამბობენ, რომ უკრაინა სწორად მიდის წევრობის სტატუსისკენ, თუმცა გამამხნევებელ სიტყვებთან ერთად, ისიც ითქვა, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს დიდი სამუშაო გასაწევი.

ხუთშაბათს, 22 ივნისს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გაიმართა ევროკავშირის საბჭოს არაფორმალური შეკრება, რომელზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირის გზაზე.

საბჭოს დასკვნით, უკრაინამ შვიდი მოთხოვნიდან ორი სრულად შეასრულა და ეს ორი სასამრთლო და მედია რეფორმებს შეეხება. საბჭომ ასევე თქვა, რომ ქვეყანამ "კარგ პროგრესს" მიაღწია საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით. "გარკვეული პროგრესი" დაფიქსირდა კორუფციასთან ბრძოლის, ფულის გათეთრების და ოლიგარქების სისტემის მიმართულებით, იგივე მონაცემი აქვს უმცირესობების საკითხს.

სრული დასკვნა სამი ქვეყნის პროგრესთან დაკავშირებით 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება. პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ მას სურს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები წლის ბოლო დაიწყოს. თუმცა, საუკეთესო შემთხვევაში, ქვეყნის ევროკავშირში შესვლას რამდენიმე წელი დასჭირდება.

XS
SM
MD
LG