მოსკოვი დასავლეთს ახალ ბრალდება უყენებს და ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნები ყაზახეთის, სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში ერევა. ინფორმაციას რუსეთის უშიშროების საბჭოზე დაყრდნობით, რუსული საინფორმაციო სამსახური „ტასი“ ავრცელებს.
კრემლში ამბობენ, რომ დასავლეთის მიზანია, რუსეთ-ყაზახეთს შორის ურთიერთობები გააფუჭონ და ქვეყნებს შორის უთანხმოება წარმოშვან.
„ამერიკის შეერთებული შტატები და მათი მოკავშირეები მხარს უჭერენ ნაციონალისტურ განწყობებს, ავრცელებენ ტყუილს, მანიპულირებენ საზოგადოებრივ აზრზე, მათ შორის ინტერნეტისა და სოციალური ქსელების საშუალებით,“- ამბობს ნიკოლაი პატრუშევი, რომლის კომენტარსაც „ტასი“ ავრცელებს. ჟურნალისტი წერს, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ეს განცხადება ყაზახეთში ვიზიტის დროს გააკეთა.
დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანს გაგრძელდა პატრუშევის ვიზიტი ყაზახეთში და ვისთან გამართა შეხვედრები, უცნობია. ასევე უცნობია რა არგუმენტებზე, ან რომელ ფაქტებზე დაყრდნობით გააკეთა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ეს განცხადება.
ნავთობით მდიდარმა ყაზახეთმა, რომელიც რუსეთის დიდი ხნის მოკავშირე და ახლო პარტნიორია, უარი თქვა მოსკოვის მხარდაჭერაზე უკრაინაში მიმდინარე ომში. ყაზახეთის მთავრობა ამბობს, რომ ქვეყანა ზედმიწევნით შეასრულებს დასავლეთის სანქციებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის დაწესებული.
Facebook Forum