ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი: ბოლო ორ კვირაში 8 სოფელი გათავისუფლდა


რუსეთის ძალებისგან გათავისუფლებული სოფელი ბლაჰოდატნი, კულტურის სახლი.
რუსეთის ძალებისგან გათავისუფლებული სოფელი ბლაჰოდატნი, კულტურის სახლი.

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე კონტრიერიშის ფარგლებში უკვე 8 სოფლიდან განდევნა. ეს რუსული ძალების მიერ ერთ-ერთი ყველაზე მტკიცედ გამაგრებული ტერიტორიები იყო, რომლებიც აზოვის ზღვის სანაპიროსკენ მიმავალ გზასთან ყველაზე ახლოსაა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დანიშნული ადგილობრივი მმართველი კვირას ამბობდა, რომ უკრაინამ ზაპორიჟიის რეგიონის სოფელი პიატიხატკი აიღო. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ უკრაინული ძალები განდევნეს, მაგრამ ისინი კვლავ უტევენ.

უკრაინის თავდაცვის მინისსტრის მოადგილე ჰანა მალიარი კი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა არათუ სოფელი პიატიხატკი აიღეს, არამედ რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, 7 კმ-ით წაიწიეს წინ და 113 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიაც გაათავისუფლეს.

"ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით, ორკვირიანი იერიშის დროს, 8 დასახლებაა გათავისუფლებული", - დაწერა მალიარმა "ტელეგრამზე".

ამ სოფლების აღება უკრაინისთვის მნიშვნელოვანი მინაპოვარია, რადგან სწორეედ ამ მიმართულებით დაცვის ხაზებს რუსული საოკუპაციო ძალები თვეეების განმავლობაში ამაგრებდნენ. სოფელი პიატიხატკი სანაპირო ზოლიდან 90 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა, მათი ძალისხმევა შეაქო და თქვა, რომ თავადაც განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ დასავლელი პარტნიორებისგან იარაღი და ამუნიცია მიიღოს და ის ფრონტზე მყოფებს, რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ. "ჩვენი ძალები წინ მიიწევენ, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიდიან. მთავარი ახლა მომარაგების სისწრაფეა", თქვა მან კვირა საღამოს.

ორშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ მოიგერიეს უკრაინის მცდელობა, აეღო სოფელი ნოვოდონეცკი, რომელიც აღმოსავლეთ დონეცკში მდებარეობს. ეს კიევის კონტრიერიშის კიდევ ერთი მიმართულებაა.

რუსეთის თავდაცვის უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რუსულად მოსაუბრე ჯარისკაცი ამბობს, რომ მან ფრანგული წარმობის ტანკი ჩაიგდო ხლში. ამის შესახებ ცნობები არც კიევს დაუდასტურებია და არც დამოუკიდებელად ხერხდება მათი გადამოწმება.

უკრაინა ადასტურებს იერიშებს 1000 კმ სიგრძის ფრონტის ხაზის გასწვრივ რამდენიმე მიმართულებით, რომ მისი ტეერიტორის ოკუპირებული 18% გაათავისუფლოს. თუმცა, კიევი უსაფრთხოების მიზნით, ბოლო პერიოდში საბრძოლო გეგმების, მიმართულებების თუ სხვა ტაქტიკის შესახებ მაქსიმალურად ზღუდავს ინფორმაციის გავრცელებას.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კონტრიერიშის უმთავრესი ეტაპი ჯერ წინ არის. სავარაუდოდ, დიდია მსხვერპლი ორივე მხარეს, თუმცა თითოეული მათგანი ამბობს, რომ მოწინააღმდეგეს ბევრად მეტი დანაკარგი აქვს.

დასავლეთში უკრაინის იერიშებს აფასებენ, როგორც რუსეთის თავდაცვის ხაზების გამოცდას, დატესტვას. ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოსკოვი კიევის იერიშების მიმართულების გამოცნობას და გადაჯგუფებას, ძალების სხვაგვარ განლაგებას ცდილობს.

ბრიტანეთისა და ესტონეთის დაზვერვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსები ძალებს აღმოსავლეთით, მდინარე დნიპროს სამხრეთით აჯგუფებენ, დატბორილი ტერიტორიების გასწვრივ. ესტონეთის შეფასებით, კიეევი კონტრიერიშს "მეთოდურად" უდგება".

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG