ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სი ძინპინი ბილ გეიტსს შეხვდა და მას ძველი მეგობარი უწოდა


ჩინეთის პრეზიდენტი კომპანია "მაიკროსოფტის" დამფუძნებელს, ბილ გეიტსს შეხვდა. მან ამერიკელ მილიარდერს "ძველი მეგობარი" უწოდა და თქვა, რომ მასთან ისეთი თანამშრომლობის იმედი აქვს, რაც როგორც ჩინეთს, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს სარგებელს მოუტანს.

სი ძინპინმა ბილ გეიტსს პეკინში, სწორედ იმ ადგილას უმასპინძლა, სადაც ჩინეთის ლიდერი, როგორც წესი, მაღალი რანგის პოლიტიკოსებს ხვდება. სიმ თქვა, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ, "მაიკროსოფტის" დამფუძნებლისა და ფილანტროპის ჩნეთში ვიზიტით მოხარულია და რომ გეითსი პირველი ამერიკელი მეგობარია, რომელსაც წელს შეხვდა.

"ხშირად ვამბობ, რომ ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების საფუძველი ხალხზე გადის. ჩემს იმედებს ამერიკელ ხალხზე ვამყარებ",- თქვა სი ძინპინმა შეხვედრის დროს.

მისივე თქმით, "ახლანდელი გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა სასარგებლო აქტივობები დავგეგმოთ, რაც ჩვენს ორ ქვეყანას, ჩვენს ხალხებს და ზოგადად, კაცობრიობას წაადგება".

ბილ გეიტსმა კი, რომელიც პეკინში მიმდინარე კვირაში, ოთხშაბათს ჩავიდა თქვა, რომ მისთვის პატივია სი ძინპინთან შეხვედრა. "ყოველთვის კარგი საუბრები გვქონდა ხოლმე და დღესაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ... ძალიან მიხარია უკან დაბრუნება",- თქვა გეიტსმა.

XS
SM
MD
LG