ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პარლამენტი კოვიდ-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევების თაობაზე განზრახ შეიყვანა შეცდომაში - ესაა ბრიტანული კომიტეტის შეფასება, რომელიც ყოფილი პრემიერის ადმინისტრაციაში პანდემიისას გამართული წვეულებებით რეგულაციების დარღვევას და სხვა გადაცდომებს იკვლევს.
დაახლოებით 1 წლის წინ ბორის ჯონსონი პრემიერობას 2030-იან წლებშიც აპირებდა. თუმცა პრივილეგიების კომიტეტმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მთავარი დისციპლინის საკითხებზე მომუშავე მთავარი საბჭოა, განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერს პარლამენტში ავტომატურ საშვსაც კი გაუუქმებენ. კომიტეტი ბორის ჯონსონს იმაშიც ადანაშაულებს, რომ ის მისი წევრების დაშინებას ცდილობდა.
ბორის ჯონსონი კი, რომლის გუნდმაც 2019 წელს არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო, თავად კომიტეტის წევრებს ადანაშაულებს წილისწამებაში და მის მიმართ შურისძიებით დამოკიდებულებაში.
კომიტეტის მიერ მომზადებული 100-გვერდიანი ანგარიში მოიცავს დეტალურ აღწერას იმ 6 ღონისძიებისა, რომელიც დაუნინგ სთრითზე, პრემიერის რეზიდენციაში გაიმართა.კომიტეტის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ლიდერმა მათ შესახებ პარლამენტარები განზრახ შეიყვანა შეცდომაში. კომიტეტმა, რომელიც 4 კონსერვატორი და 3 ოპოზიციონერი დეპუტატისგან შედგება, არ გაიზიარა ჯონსონის დაცვის მხარის არგუმენტები, რომ ეს თავყრილობები რეგულაციების ფარგლებში იმართებოდა, და რომ მისი თანაშემწეები და მრჩევლები ამას სწორედ ასე მიიჩნევდნენ.
ამჟამინდელი პრემიერის, რიში სუნაკის პრეს-სპიკერმა ამ თემაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად თქვა, რომ პრემიერს სჯერა, რომ კომიტეტმა გამოძიება შესაბამისად ჩაატარა და მათი საქმიანობის კრიტიკა არ იქნებოდა მართებული.
ბორის ჯონსონმა პარლამენტის დეპუტატის მანდატი გასულ კვირას დატოვა, მას შემდეგ, რაც ამ ანგარიშის ასლი ნახა, თუმცა გამოძიებას "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებს. "მე მართებულად მჯეროდა, რომ ეს ღონისძიებები იყო გონივრულად აუცილებელი სამუშაო მიზნების შესაბამისად. ჩვენ პანდემიას ვმართავდით", - განაცხადა მან.