ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას უკრაინაში რუსეთის ომის დასაწყისში, ევროპელი ლიდერების რეაქციებზე, გერმანიის მთავრობის განცხადება მოჰყვა. ბერლინმა უარყო ბორის ჯონსონის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, გერმანიის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ, კიევი მოსკოვს უნდა დანებებულიყო, რათა თავიდან აეცილებინა ხანგრძლივ ომში ჩათრევა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" ავრცელებს.
ტელეკომპანია "სი-ენ-ენ”-ის (CNN) პორტუგალიურ გამოცემასთან ინტერვიუში, რომელიც ეთერში ოთხშაბათს, 23 ნოემბერს გავიდა, ბორის ჯონსონმა ისიც თქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპაში ომის საფრთხეს ვერ აცნობიერებდა და უარყოფდა მას. იტალიამ კი, რომელსაც მაშინ მარიო დრაგი უძღვებოდა, თქვა, რომ რომი ევროკავშირს ვერ დაეხმარებოდა, ვინაიდან ძლიერ იყო დამოკიდებული რუსული ნახშირწყალბადის იმპორტზე.
"ვიცით, რომ ძლიერ გამრთობ ყოფილ პრემიერ-მინისტრს სიმართლესთან ხშირად, იშვიათი ურთიერთობა აქვს. ეს შემთხვევა გამონაკლისს არ წარმოადგენს" - ნათქვამია გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის პრესსპიკერის საპასუხო განცხადებაში.
თუმცა, ჯონსონის სიტყვები ემთხვევა ამ საკითზე, გერმანიაში უკრაინის ყოფილი ელჩის, ანდრეი მელნიუკის გაკეთებულ კომენტარებს - წერს "გარდიანი". მელნიუკის თქმით, გერმანელი პოლიტიკოსები უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინ, უკრაინის ელჩს ეუბნებოდნენ, რომ მათი მოლოდინით, კიევი მოსკოვს 3 დღის განმავლობაში დანებდებოდა და მათ დახმარებას აზრი არ ჰქონდა.
Facebook Forum